Tuesday, November 17, 2009

ძალიან ქართული ამბავი...

25-26 ნოემბერს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ფილარმონიაში კონცერტებს გამართავს. დილიდან ვცდილობთ მე და ჩემი მეგობრები ბილეთები დავჯავშნოთ...

განახლებული ფილარმონიის ვებ-გვერდს განახლების არაფერი ეტყობა, ვერც ქართული საინფორმაციო პორტალებიდან შეიტყობ რამეს. გამაფრთხილა მეგობარმა, აზრი არ აქვს, ახალი წესი მოქმედებს და ბილეთების დაჯავშნა არ ხდებაო, მაგრამ მაინც დავრეკე 09-ში და შევეცადე ის მაინც გამერკვია, კონცერტი როდის იწყება და ბილეთები რა ღირს. ამაზე პასუხი თავაზიანად გამცეს და ასევე თავაზიანად მითხრეს, ჩაიწერეთ მობილურის ნომერი და ბილეთების დაჯავშნასთან დაკავშირებით მათ მიმართეთო.

მეც გავითვალისწინე რჩევა და დავრეკე... რა თქმა უნდა, ძალიან ”ქართულად” მიპასუხეს, ანუ ძალიან შეწუხებული, დაკავებული და სიბრაზენარევი ხმით. მერე ზუსტად ის ინფორმაცია მომაწოდეს, რაც 09-ში და მკვახედ მითხრეს, როგორ გეკადრებათ, ბილეთების დაჯავშნა არ ხდება, პირდაპირ სალაროში მიბრძანდით და იქ იყიდეთო...

არც გავბრაზებულვარ, არც გამკვირვებია... ან რა არის იმაში გასაკვირი, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზის ვებ-გვერდზე ინფორმაციას ვერ მოიპოვებ, ბილეთებთან დაკავშირებით ოფისში კი არა, პრივატულ ნომერზე დარეკავ და იქ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ხმით გიპასუხებენ; დაბოლოს, არც ის არის გასაკვირი, რომ ბილეთების დაჯავშნა არ შეიძლება... ვინ თქვა, რომ ასე უნდა ხდებოდეს?!

... და მერე რა, რომ სინქრონს უწუნებენ, ამბობენ, რომ ძველი სუხიშვილები სულ სხვა იყოო... მე მიყვარს ეს ანსამბლი და კიდევ ერთხელ ვნახავ კონცერტს იმის მიუხედავად პრობლემებისა.

იმედია, ბილეთები იქნება.

P.S. ახლა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთვის ირჟი კილიანის ბალეტებზე დასასწრები ბილეთი იყიდა. ძაააალიან მიხარია.

ისე, ოპერისა და ბალეტის თეატრის ვებ-გვერდზე ბილეთების დაჯავშნაც შეიძლება და ლიბრეტოს წაკითხვაც...
აი რა მინდოდა მეთქვა...:)

Friday, November 13, 2009

ხოოოო...

ხოოო...

რომ არა ჩემი უახლოესი მეგობარი, ბლოგს ნამდვილად არ გავხსნიდი.

დარწმუნებული ვიყავი და არც ახლა მეპარება ეჭვი, რომ წერის ნიჭი არ მქონია; არასდროს მქონია დღიური, არასდროს გამიკეთებია ჩანახატები... აი, 15-16 წლის რო ხარ და ძალიან ვარდისფერი როა ყველაფერი, არც მაშინ.

თუმცა არა, იყო მაინც...

სწორედ ის მეგობარი, ვინც მიბიძგა ბლოგების წერა დამეწყო, ის ”გვაიძულებდა” ხოლმე მასთან სოფელში რამდენიმე დღით ჩასულებს, ჩვენი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაგვეტანა.  არადა, შთაბეჭდილებები და მოსაყოლი არასდროს გველეოდა. ჩვენც ვწერდით და დარწმუნებული ვარ, წლების მერე ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით გავიხნსებეთ.

არ ვიცი რა უნდა დავწერო ან რას დავწერ ხოლმე. მოვიფიქრებ ალბათ რამეს...

და საყვარელ მეგობარს აუცილებლად უნდა ვუთხრა - ახლა ძალიან მიხარია, რომ დიდი ხნის წინ მოიფიქრე და ჩანახატები გვაწერინე  და ეს ბლოგი რომ გაჩნდა, ისიც ძალიან მიხარია...

და კიდევ... იმედი მაქვს, ჩვენებიც შემოგვიერთდებიან...