Wednesday, April 28, 2010

და, მართლა რომ დაბნელდეს?...

”მზის დაბნელება საქართველოში” - ასე ეწოდება გოჩა კაპანაძის ახალ კომედიას, რომლის პრემიერაც გუშინ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.

საოცარი ანსამბლი მსახიობების, ძალიან ლამაზი მუსიკალური გაფორმება, რომ არაფერი ვთქვა სცენარზე და საინტერესო თემაზე...

არადა, თემა მართლა ძალიან საინტერესოა. ქალაქი, რომელიც მზის დაბნელებას ელოდება და გველეშაპის გამოჩენას ელის, როგორ ცდილობს თავი გადაირჩინოს.
არც ერთ გმირს არ უცდია მისულიყო ძვირფას ადამიანთან და ეთქვა, რომ უყვარს; ან მოეხადა ბოდიში იმის გამო, რომ ოდესღაც გული ატკინა (არადა, ასეთი რამ ხშირად ხდება); არავის უცდია თვალი გადაევლოა განვლილი ცხოვრებისთვის და გამოეხატა ან გულისტკენა იმის გამო, რომ რაღაც ვერ მოასწრო, ან სიხარული იმ ლამაზი დღეების გამო, რომლებიც ასევე იყო თითოეულის ცხოვრებაში...

ზოგი საკუთარი ტყავის, ზოგიც მატერიალური სიმდიდრის გადარჩენასღა ცდილობს...

ნუ, ასეთია ადამიანის ბუნება. არა, უფრო ზუსტად, ასეთიც.

აი, ”მოხუც ჯამბაზებში” კი, (ასევე გოჩა კაპანაძემ დადგა და მოგვცა შესაძლებლობა სრულიად ფანტასტიური მსახიობები გვეხილა სცენაზე) უკვე ხანდაზმული მსახიობები, მოხუცთა თავშესაფარში ერთმანეთს სწორედ დარდსა და სიყვარულს უზიარებენ; ისინი იმქვეყნად წასასვლელად ძალიან ლამაზად ემზადებიან; არადა, იქ ნამდვილად არ ბნელდება მზე იმ კონკრეტულ დღეს...

აი, ასეთები ვართ ადამიანები. მერკანტილურებიც და არც, მგრძნობიარენიც და არც, კეთილებიც და არც... მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ ასეთებიც ვართ და ისეთებიც.

ისე, მართლა რომ დაბნელდეს მზე, ნეტა მართლა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ვიფიქრებ თუ შევეცდები, მაინც ვეცდები ვიღაცას ბოდიში მოვუხადო, ვიღაცას მადლობა გადავუხადო, ვიღაცას ან ვიღაცეებს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს?!... იმედი მაქვს, ასე მოვიქცევი. იმედი, რადგან დანამდვილებით არავინ იცის კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა...

მანამდე კი, დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც უკვე მეორედ მოგვანიჭა ბედნიერება სრულიად არაჩვეულებრივი მსახიობები გვეხილა სცენაზე. აი ისინი, რომელთა მზე შეიძლება მალე დაბნელდეს, მაგრამ მათი ვარსკვლავი რომ სულ იკაშკაშებს...
და კიდევ, იმედი მაქვს, კახი კავსაძე მალე შეძლებს სცენას დაუბრუნდეს, როგორც აქ, ასევე ”მოხუც ჯამბაზებში”.

Monday, April 19, 2010

ჩვენ ავაშენებთ...

ისევ მორიგ კულტურულ გასეირნებაზე უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა...
ქარიანი დღე კი იყო, მაგრამ ნარიყალაზე გასასვლელად მაინც თითქმის სრული მზადყოფნა გამოვაცხადეთ. ნუ, მერე გეგმები შევცვალეთ: ”ოცნების ქალაქზე” ბილეთები შევიძინეთ, ფილმის დაწყებამდე კი ხელოვნების მუზეუმში ოქროს საგანძური დავათვალიერეთ.
რა საოცარი სიმდიდრე ინახება ამ ქვეყანაში...
მერე იყო კინოსეანსი... ფილმში ძალიან ბევრი ნაცნობი სახე და უკვე ნაცნობი მუსიკაა... არის ძალიან ბევრი კომპანიის რეკლამა და საერთოდაც, ვიღაცას შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ფილმი ერთი მსხვილი სარეკლამო რგოლია.
პირადად მე, ვისიამოვნე. რეალური თბილისური გარემოა, ძალიან თბილი სიყვარულის ისტორიით.
ვიცინე მოდელის გარეგნობის გოგოებზე, რომელთა ერთადერთი საზრუნავი საკუთარი გარეგნობაა და ასეთებს მრავლად შევხვდებით ქალაქში; ვიცინე გმირზე ჯეკო, რომელიც ძალიან ტუტუცი და სულელია, და არც ასეთების ნაკლებობას ვუჩივით.
ვიხალისე ”პროფილზე”...
ვისიამოვნე ”მგზავრების” მუსიკით”, სანდროს ცეკვით სხვენზე და სიყვარულის ძალიან მსუბუქი, თბილი ისტორიით.
დღეს კი, ფილმზე რეცენზიები წავიკითხე.
როგორც ყველაფერში, არც აქ ვართ ზომიერები ქართველები. ჩვენთვის ყველაფერი ან შავია ან თეთრი, ან ძალიან კარგია ან ძალიან ცუდი...
რა თქმა უნდა, შეფასება ფილმისა იყო ცუდი.
იცით რაზე ვფიქრობდი? ჩემი მეგობრის სწორ შენიშვნაზე, რომ მოლოდინი უნდა იყოს ადექვატური.
როდესაც ამ ტიპის ფილმზე მიდიხარ, არ უნდა ელოდო იქ ”ცისფერ მთებს”.
ეს ფილმი არაა კარგი, მაგრამ არც ძალიან ცუდი არაა.
მე კვლავ ჩემ აზრზე ვრჩები - არაფრის კეთებას, სჯობს საშუალოდ, მაგრამ მაინც გააკეთო. შარშან იყო ”გოგონა სლაიდიდან”, წელს ”ოცნების ქალაქია” და ეს პირველზე უკეთესია. ალბათ, მომავალში ამაზე უკეთესი გამოვა.
მე კინოთეატრში გატარებულ საათნახევარს დაკარგულად არ ვთვლი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მოვახერხე ფილმის ყურებისას საკუთარ საქმეებზე არ მეფიქრა. მეორეც იმიტომ, რომ ფილმიდან გამოსული კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმ სიმახინჯეებზე, ჩვენ საზოგადოებას რომ ახასიათებს. აი იმაზე, ოფიციანტიც რომ ადამიანია და ამ ”ც”-ზე ნერვიულობა რომ არც ღირს.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ყველაფერში მხოლოდ ცუდის დანახვა, როგორც ეს რეცენზიის ავტორებს სჩვევიათ, ძალიან ამსგავსებთ მათ იმ გოგოებს ფილმიდან, ყველაფერი ძალიან ”ქულ” რომ ჰგონიათ. მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი პოზაა და რატომღაც კარგ ტონად ითვლება.
ეს ყველაფერი მაგონებს სიტუაციას, როდესაც ფეხბურთში საქართველოს ნაკრების თამაშის შეფასებისას კრიტერიუმად მინიმუმ ინგლისის ნაკრების თამაშია აღებული...
და საერთოდაც, მგონია, რომ მთავარი პრობლემა საშუალო ან თუნდაც ცუდი ფილმი კი არა, ”ც”-ებით მოაზროვნე, საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტად ორიენტირებული და ”კარგი ტიპების” მოთამაშე საზოგადოებაა...

Tuesday, April 13, 2010

წავიდა...



თვალები - ძალიან სევდიანი...


ხმა - ჩახლეჩილი და ხავერდოვანი...


თამაშის მანერა - ძალიან თავისებური...


ლექსები - ძალიან ახლო და უკვე ძალიან საყვარელი...


მახსოვს, პირველად თავისუფალ თეატრში მისი მონაწილეობით სპექტაკლი რო ვნახე, მისი თვალებით მონუსხული გამოვედი და დღემდე ასეა. აი ისეთია, ეშმაკუნები კი აქვს თვალებში, მაგრამ მაინც საოცრად სევდიანია...

მიყვარს, როცა ის თავად კითხულობს ლექსს და მე მეჩვენება, რომ მე მიკითხავს და ალბათ ასეა ყველა...

ის ჩემი პოეტიცაა...

მე არ მჯერა, რომ ”წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა...” ან იქნებ, მობეზრდა...

სამაგიეროდ მჯერა - ”მოიწყინა ქვეყანამ, უკვე კარგა ხანია”...

და რა სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ასეთი ნიჭიერის წასვლა ამ ქალაქშიც მოსულა...

Saturday, April 10, 2010

ვიფრინოთ თუ არ ვიფრინოთ?!...

დღეს მთავარი მსოფლიო სიახლე პოლონეთის პრეზიდენტის და მთელი ეკიპაჟის ავიაკატასროფისას დაღუპვაა. 

გარდა იმისა, რომ გული დამწყდა ამდენი ადამიანის ასე საშინლად გარდაცვალების გამო, გამიჩნდა ბევრი კითხვა...

როგორ შეიძლებოდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის პილოტები არაპროფესიონალები ყოფილიყვნენ და ვერ მოეხერხებინათ თვითმფრინავი დაესვათ, თუნდაც დიდი ნისლის პირობებში?!...

რატომ მოხდა ეს ტრაგედია რუსეთის ტერიტორიაზე?!...

რატომ ხელმძღვანელობს სპეციალურ კომისიას, რომელმაც ტრაგედიის მიზეზები უნდა გამოიკვლიოს, რუსეთი პრემიერი პუტინი, რომლისაგანაც კატინში მიპატიჟებას ლეხ კაჩინსკი თურმე წლის დასაწყისიდან ელოდა, მან კი კაჩინსკის პოლიტიკური მოწინააღმდეგე დონალდ ტუსკი მიიწვია?!...

და საერთოდ, თუ პრეზიდენტის უსაფრთხოება არაა დაცული, რა გარანტია აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობს, უსაფრთხოდ დაეშვება?!

სათაური კი, რა თქმა უნდა ხუმრობაა; უნდა ვიფრინოთ, რასაკვირველია, უნდა ვიფრინოთ და იმედია, ცა აი ასეთი იქნება

უღრუბლო და ცისფერი.

აი, პოლიტიკაში კი, სერიოზული ცვლილებები მოხდა და საქართველოსაც აუცილებლად შეეხება. და, არა მგონია, ჩვენი პოლიტიკური ცა უღრუბლო და მზიანი იყოს...

თუმცა, ამაზე მერე იყოს...

მანამდე კი, RIP Mr. President!

Thursday, April 8, 2010

უბრალოდ კინო...


თითქოს ტრადიცია გვაქვს უკვე მეგობრებს - ახალი ქართული ფილმი კინოთეატრში ვნახოთ. უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში გამოსული თითქმის ყველა ფილმი ვნახეთ, შესაბამისად, თამამად შეიძლება ისინი ერთმანეთს შევადარო და ჩემი მოკრძალებული აზრიც გამოვთქვა.

გუშინ სოსო ჯაჭვლიანის ახალი ფილმი - ”მაიტა ნასოსი” ვნახე. ფილმის მიმართ არავითარი მოთხოვნა არ მქონდა, გარდა ერთისა, არა ორისა - არ უნდა ყოფილიყო ხელოვნური (”სვანის” შემდეგ ამის დიდი რისკი არსებობდა) და უნდა ყოფილიყო სასაცილო. გულწრფელად გეტყვით, ფილმმა მოლოდინი გაამართლა; ბევრი ვიცინეთ, თან გულიანად და მხიარულები გამოვედით კინოთეატრიდან. 

მგონია, რომ ამ ფილმმა გაართვა თავი ამოცანას; სავარაუდოდ, მაღალ მხატვრულ ღირებულებაზე პრეტენზია მას არც ქონია. ამოცანა კარგი სვანური იუმორის ეკრანიზაცია და აუდიტორიის გაცინება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანეგდოტი ძველი, ზოგიც ძალიან ძველი იყო, საინტერესოდ შეკრული ამბავი მაინც ეფექტური გამოვიდა. 

ვფიქრობ, ეს რეჟისორის წინგადადგმული ნაბიჯია. განსხვავებით მისი პირველი ფილმისგან, რომელმაც, სულისშემძვრელი ”ტრადიციების” გარდა, მსახიობთა ძალიან ხელოვნური და არადამაჯერებელი თამაშით დამამახსოვრა თავი. 

ახალი ქართული ფილმები განსხვავებულია; არის ვითომ კომედიები, ვითომ მელოდრამები, ჰოლივუდურს ძალიან რომ ჰგავს, ვითომ კრიმინალი...

ახლახან კი იყო ”ქუჩის დღეები”..

ფილმის გამოსვლამდე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს მორიგი ქართული ვითომ ფილმია გაცვეთილი თემით, რომ არაფერი საინტერესო და ახალი არ იქნება. 

მართლაც, თემა თითქოს გაცვეთილი და გადაღეჭილია ჩვენი რეალობისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნარკომანია პრობლემა აღარაა. მითუმეტეს, რომ ნარკომანიის ნაცვლად მთავარ პრობლემად შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ალკოჰოლიზმი ან აზარტული თამაშისადმი დიდი სიყვარული. მთავარი ფილმში ის არის, რომ თითქოს ძალიან ჩვეულებრივმა ადამიანმა, არც თუ ცუდმა მოსწავლემ და ადამიანმა, საკუთარი თავი ვერ იპოვა, უფრო სწორედ, ნარკომანიაში იპოვა ან აირჩია ის რეალობისგან გასაქცევად.

სხვა სენით დაავადებული ადამიანი ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო სიტუაციში, როდესაც შენ ბავშვობის მეგობრის შვილისთვის ნარკოტიკის გაკეთებას გთავაზობენ სასჯელის თავიდან ასაცილებლად და მდიდარი მამისთვის ფულის ”შესაწერად”.

საკუთარი ფსევდოთავისუფლება თუ... ამ დილემის წინაშე მდგარი გუგა კოტეტიშვილის გმირი, რომელსაც თითქოს სრულიად დაკარგული აქვს ადამიანური სახე, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკურია იმ სიტუაციაში - ის თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

თვითმკვლელობაც არჩევანია და, ალბათ, არის სიტუაციები, როდესაც საკუთარი ღირსების შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით შეიძლება. სხვა საკითხია, რომ მან თავად მიიყვანა ყველაფერი იმ ნიშნულამდე, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ იყო. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მგონია, რომ მან ღირსეული გადაწყვეტილევა მიიღო; მან არ შეასრულა კორუმპირებული პოლიციელების მოთხოვნა - საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ნარკოტიკი გაეკეთებინა 16 წლის ბიჭისთვის, რომელიც ძმაკაცებთან ერთად თავად სთხოვდა გუგას გმირს ნარკოტიკის შეძენას. 

ფილმში ძალიან ბევრი პრობლემაა - სკოლა, რომელიც სკოლას აღარ გავს და ბავშვები ძირითადად ნარკოტიკზე ფიქრით არიან დაკავებულები, საშუალო ასაკის უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანები, ვითომ მეგობრობა, რომელიც ერთ-ორ გრამ ჰეროინში იყიდება, კორუმპირებული პოლიციელები, საკუთარი თავით დაკავებული ჩინოვნიკები, ბარიგები და მათი მშობლები...

ბევრ რამეზე დავფიქრდი ფილმიდან გამოსული. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ნაცნობი სახეები 90-იანებიდან ახლა ყოველდღე უბანში არ გვხდება, არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ან შესაძლოა, ერთი სენი მეორემ ჩაანაცვლა. მაგრამ მთავარი მაინც ის შეგრძნება იყო, რომელიც ფილმიდან გამოსულს დამეუფლა - კმაყოფილება იმის გამო, რომ კარგი ფილმი ვნახე და კმაყოფილება იმის გამო, რომ მთავარმა გმირმა კრიტიკულ სიტუაციაში ღირსება არ დაკარგა. 

ახალ ქართულ კინოს ბევრს აკრიტიკებენ უხარისხო პროდუქციის წარმოებისთვის. ჩვენი კინო ძალიან დიდხანს იყო იძულებით შვებულებაში და ახლა ხელახლა იწყებს ცხოვრებას. წარმოუდგენელია, რომ ყველა ფილმი შედევრი ან თუნდაც კარგი პროდუქტი იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ რთულია ყველას განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდეს, მეორე იმიტომ, რომ კინო ჩვეულებრივი ბიზნესია და აუდიტორიის მოთხოვნებს პასუხობს.

ამ მოთხოვნაზე გამახსენდა: ”ქუჩის დღეებზე” დარბაზში სულ 30-40 მაყურებელი იყო, ”გაღმა ნაპირზე” დარბაზი სავსე იყო, მაგრამ არაადექვატური რეაქციით - ძალიან სევდიან ფილმზე ძალიან ბევრი იცინეს; ”ყველაფერი კარგად იქნება” კი სრული ანშლაგით გადიოდა ქართულ კინოთეატრებში.

ასე, რომ ძირითადად იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ. კარგია, რომ ბევრი სხვა ფილმის გვერდზე ”სამი სახლიც” არის, ”გაღმა ნაპირიც ნაპირიც” და ”ქუჩის დღეებიც”. და საერთოდ, კარგია ამდენი ფილმი რომ იქმნება. მთავარი მოძრაობა და მცდელობაა. მთავარია არ გაჩერდე და ამ პროცესში გაიზრდები კიდეც.