Friday, July 30, 2010

ჯინსი, კედები, თავისუფლება...

დღეს დილით უცნაურ ხასიათზე გავიღვიძე. არა, უფრო სწორედ, გუშინ საღამოს გადავწყვიტე, რომ სამსახურში, სადაც ოფიციალურად ”დრესკოდი” არ არის, მაგრამ მე ჩემი სტანდარტები მაქვს, წესები დავარღვიო და ჯინსებით და კედებით გამოვცხადდე.
გულწრფელად გეტყვით, ძალიან დიდი ხანია სახლიდან სამსახურში მომავალს ასეთი შეგრძნება არ მქონია, როგორიც დილით დამეუფლა; თითქოს უფრო ლაღი ვიყავი და მივხვდი, როგორ მომენატრა ეს შეგრძნება.
სილაღის ხარისხსა და ჩაცმის სტილს შორის პირდაპირი კავშირი რამდენად უნდა ეძებო მაშინ, როდესაც საქმე კონკრეტულ პროფესიას და სამსახურს ეხება. როდესაც ვალდებული ხარ საქმიანად ჩაიცვა და ეს შენ შინაგან სამყაროსთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ფანტასტიურია. აი, როდესაც ვალდებული ხარ ოფიციალურად გეცვას მაშინ, როდესაც ჩაცმის სპორტული სტილი მოგწონს, საქმე რთულდება.
ვერ ვიტყვი, რომ ოფიციალური ტანისამოსი ცუდ განწყობას მიქმნის, მაგრამ სპორტული სტილი მაინც უფრო ახლობელია ჩემთვის. თითქოს ჩარჩოები ნაკლებად ვიწროა და ნაკლებად გაწუხებს; თითქოს სამყაროს აღქმა უფრო მარტივად ხდება.
სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ლაღად სამყაროს პიჯაკში გამოწკეპილი ვერ შეხედავ. უბრალოდ, როცა ჯინსებსა და კედებში ვარ, უფრო ლაღი ვარ.
სხვათაშორის, დღეს პირველად დავინტერესდი ჯინსისა და კედების ისტორიით და გავარკვიე, რომ ჯინსები მე-19 საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში დასახლებულმა ბავარიელმა ლევი სტრაუსმა შემთხვევით შექმნა. მას სამკერვალო ჰქონია, სადაც ტანისამოსი ოქროსმაძიებელთათვის იკერებოდა. სპეციალური ნაჭრები, რომელიც თანამედროვე ჯინსებს ნაკლებად ჰგავს, იტალიური გენუადან ჩაჰქონდათ. მათზე არსებული წარწერა Genes კი ამერიკელებმა თავისებურად წაიკითხეს. ასე გაჩნდა სიტყვა ”ჯინსი”. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებლის Levi's-ის სახელოდება კი სწორედ სამკერვალოს მფლობელ ლევის სტრაუსს უკავშირდება.
აი, რაც შეეხება კედებს კი, მისი შექმნა 1916 წელს დაფუძნებულ ამერიკულ კომპანია Keds-ს უკავშირდება.
სხვათაშორის, ამ ინფორმაციის წაკითხვის მერე, კითხვა ”კეტია” სწორი თუ ”კედი” ქართულად, აღარ დამებადება.
კიდევ... ჩემი სტუდენტობა გამახსენდა. ჯინსები და კედები ნამდვილად არ იყო მოდაში. მას მერე 6 წელი გავიდა და დღეს სპორტულად, გნებავთ, თავისუფლად ჩაცმული სტუდენტი გაცილებით მეტია. თუმცა, ოფიციალურად ჩაცმული და ძააალიან სერიოზული გამომეტყველების მქონე ბიჭებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, წითელი პომადითა და გრძელი საყურეებით დამშვენებული გოგოების სიხალვათეს ჩვენი რეალობა არც ახლა უჩივის. თავისთავად ჩაცმის სტილი პრობლემა შეიძლება არ იყოს, რომ არა შინაარსი, რომელიც ამის უკან იმალება. მგონია, რომ მაინც ჩარჩოებისგან გათავისუფლება უკეთესია. ჩემმა თაობამ ეს ნაკლებად მოახერხა და კედები იმაზე გვიან მოირგო, ვიდრე საჭირო იყო. ჩვენზე პატარებმა ეს მეტად შესძლეს. და, იმედია, ეს პროცესი გაგრძელდება და ასახვას ბევრ სხვა რამეში ჰპოვებს. აი, მაგალითად განსხვავებულების, სულ მცირე, აგრესიის გარეშე მიღებაში (ნუ, აქ ზანგების თემა გამახსენდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს:)).
წესები იმისთვისაც არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო?! და მეც გადავწყვიტე, რომ ეს წესი -გამოვიყურებოდე ჩემი თანამდებობისდა შესაბამისად - დავარღვიო ხოლმე...
თავად ფორმალობას ამით არაფერი აკლდება, აი ჩემი განწყობა კი, ნამდვილად ამაღლებულია.
თანაც, ბევრი საინტერესო რამეც შეიძლება გაიგო ისეთ რამეზე, რასთანაც ყოველდღიური შეხება გაქვს.

ამიტომაც, მეტი ჯინსი, კედი და თავისუფლება!!! ეს უბრალოდ სურვილია...

Monday, July 26, 2010

ჩემი პარიზი...


ჩემი პარიზი? ხო, ჩემიც...
აი, ისეთზე დავწერ, მარტო ჩემს მეხსიერებაში რომ დარჩა...
ამ ქალაქში მოხვედრაზე ალბათ ყველა ოცნებობს და გამონაკლისი არც მე ვარ. უკვე მერამდენე წელია, ბავშვობის მეგობრები გვეპატიჟებიან და როგორც იქნა, მოვაგვარეთ ათასი წვრილმანი და ჩავფრინდით ქალაქში, რომელიც წიგნებში, ფოტოებსა თუ კინოში იყო მხოლოდ.
ორი კვირა სულშეკრული დავდიოდი ქალაქში, რომელშიც ძალიან ბევრი რამ ნაცნობია. იმდენი რამ ვიცით ამ ქალაქზე, რომ გეჩვენება, თითქოს ეს ყველაფერი უკვე გინახავს. მაგრამ, იმავდროულად, გრჩება შთაბეჭდილება, რომ რამდენჯერაც არ უნდა ნახო, აღფრთოვანებას ვერასდროს დამალავ.

თანამედროვე, ცხოვრების გიჟური რიტმი მე-18-19 საუკუნეების არისტოკრატული სილამაზის პარალელურად; თითქოს ძალიან ცივი, საკუთარი საქმეებით დაკავებული და იმავდროულად მუდამ მომღიმარი ხალხი; სიბინძურე ქუჩებში, მაგრამ სრულიად არაჩვეულებრივი არქიტექტურა...

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ხალხი იყო - მუდამ მომღიმარი, ბედნიერი ხალხი. დაღლილები, გადაქანცულები, მაგრამ იმედით და სიხარულით სახვსე თვალებით.
ასაკოვან ტურისტთა ჯგუფები - ისევ მხიარული ბებიები და ბაბუები, რომელთაც დაქანცული ახალგაზრდობის შემდეგ, მოიცალეს და საკუთარ თავს იმ სიამოვნებას არ აკლებენ, უცხო კულტურის გაცნობა რომ ჰქვია...

არც ნიჭი მაქვს და ვერც სიტყვებს ვპოულობ იმ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად, რომელიც ამ ქალაქმა მოახდინა. ამიტომ, ასე ჯობია...

მონმარტრი და მხატვრების საოცნებო ადგილი... აქედან მართლა ისეთი ხედი იშლება, ხატვის ნიჭი თუ გაქვს, აუცილებლად დახატავ...

წარმატებული ფოტო ვერ არის, მაგრამ ამ სილამაზის დანახვაზე, სული შემეკრა.
სრული საოცრებაა... ბავშვობაში, ჰიუგოს ნაწარმოების
კითხვისას, მეგონა მეც იქ ვიყავი. იქ აღმოჩენილს კი გრჩევა შთაბეჭდულება, რომ ამ სიდიადის გადმოსაცემად რთულია სიტყვები მოძებნო. ეს ალბათ უნდა შეიგრძნო ტაძარში შესულმა, სადაც შენთან ერთად ასეულობით ადამიანია და სულგანაბული აკვირდება ყველა კედელს, ყველა ნაწილს და ცდილობს ყველაფერი გონებაში აღბეჭდოს.
საოცარია, ტაძარში და საერთოდ, ყველა ადგილი ისეა მოწყობილი, რომ ტურისტმა თავი კომფორტულად იგრძნოს. შეგიძლია ჩამოჯდე ტაძარში და იმდენი ხანი დაჰყო, რამდენიც გინდა. გაქვს დრო დათვალიერებისთვის, ფიქრისთვის და ბევრი რამის გააზრებისთვის; თუნდაც იმის, რომ სრულიად ნორმალურია, ასეთი მნიშვნელობის ტაძარი ტურისტულ ობიექტად გადაიქცეს...

ლუვრის საფუძვლიანად დათვალიერებას წლები სჭირდება, ამიტომაც, როგორც ჭეშმარიტ ტურისტებს ეკადრებათ, ჩვენც მოვიმარჯვეთ რუქა და ის დარბაზები განვსაზღვრეთ, აუცილებლად რომ უნდა გვენახა. რასაკვირველია, მათ რიცხვში ნაპოლეონის აპარტამენტები, ეგვიპტე და საბრძნეთი, იტალიური და ესპანური ფერწერა, და ცხადია, მონა-ლიზა და ნიკეს ქანდაკება იყო. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ იქ იმდენი საოცრება ვნახე, რომ ყველაზე ნაკლები შთაბეჭდილება ლეონარდოს ჯოკონდამ მოახდინა. იქნებ, ეს იმის ბრალიცაა, რომ მონა-ლიზა ძალიან ნაცნობია ყველასთვის, ან არ ვიცი, მე არ მეყო უნარი მისი სიდიადის აღსაქმელად... ნუ, ფოტო იყოს მაინც:)














სრულიად ფანტასტიურია ვერსალი, სრულიად...



აი, დისნეი კი ცალკე თემაა. იქ გავიწყდება ასაკი და გგონია, რომ ხარ პატარა ბავშვი, რომელსაც ყველაფრის ნახვა უნდა და სრულიად აღფრთოვანებული თვალებით ათვალიერებს იმ საოცრებას, რომელიც იქ გხვდება.
და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ...
ასეთიცაა ჩემი პარიზი და ისეთიც, აქ რომ არ ჩანს...

Friday, July 23, 2010

.....



რამდენი ხანია, არაფერი დამიწერია... ხან დრო არ მქონდა, ხან სურვილი...

ხვალ ვაპირებდი ლაღი და ხალისიანი რამეები დამეწერა ჩემი საზაფხულო არდადეგების შესახებ და გადმომეცა ჩემი ემოციები და შთაბეჭდილებები, ფოტოებიც დამერთო...

მაგრამ ახლა ძალიან მომინდა დამეწერა...

დილიდან დათრგუნული ვარ მუცოს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის გამო...
შარშან ზუსტად ამ დროს ხევსურეთში ჩვენი მასპინძელი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ბალალაიკით ხელში, ძალიან სევდიანი სიმღერებით და საოცარი სიკეთით თვალებში. ეს გელა დაიაური იყო...
იმის მიუხედავად, რომ არც გელას მეუღლეს და მის შვილებს და არავის გელას გარდა არ ვიცნობდი, მთელი დღე თან დამყვება შეგრძნება, რომ ეს ტრაგედია ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანებს გადახდათ თავს...
და არ მასვენებს კითხვა - რატომ? როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს საერთოდ და, მითუმეტეს, იმ ადამიანის თავს, რომელმაც ბევრისთვის ის მკაცრი და ლამაზი მხარე გააცოცხლა?...