Tuesday, June 1, 2010

1 ივნისი

საინტერესო დღეა... ნინოობაა, ზაფხულის პირველი დღეა, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეა...


ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა - ევროვიზიაზე და ჩვენ საინტერესო არჩევანზე (ბელარუსისთვის მიცემულ 12 ქულას ვგულისხმობ), არჩევნებზე და მის შედეგებზე, ზაფხულზე...


მაინც ბავშვებზე შევჩერდი. სხვა დანარჩენზე მერე დავწერ, თუ მომინდა დაწერა...


არ მახსოვს ეს დღეს პომპეზურად ოდესმე აღმინიშნავს თუ არა, მაგრამ ბავშვობა ძალიან თბილად მახსენდება.


აი, როცა ბავშვობაზე ვლაპარაკობ, მახსენდება ასე ძალიან ლამაზი ეზო (მე დღესაც მგონია, რომ ის საოცრად ლამაზი იყო)...


საოცარი სიმშვიდე, რომელიც ჩემ გარშემო სუფევდა...
ბებია წინსაფრით და განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიარულის მანერით, განსაკუთრებული სურნელით და სიმშვიდის განცდით, რომელიც მის გვერდით მეუფლებოდა...
დილით საჩუქრებით სავსე ოთახი და პატარა ზღაპარი, რომელიც მივლინებიდან მორიგი დაბრუნების შემდეგ დაბრუნებულმა მამამ რომ მოგვიწყო...
დედა - მშვიდი, მისი საოცარი ღიმილი და სითბო...
ჩემი პატარა მაიმუნი, რომელიც ზუსტად ჩემი ტოლია და სულ ჩემთანაა...
და კიდევ ბევრი, ბევრი წვრილმანი...
ომი, უშუქობა, საოცარი ტკივილი და ბევრი, ბევრი რამ ასევე ბავშვობაში დაიწყო, მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით იყო და ბავშვობის ხსენებაზე, ეს ყველაფერი ნაკლებად მახსენება.
მერე რა, რომ ახლა ზუსტად ვხვდები, რომ ჩაკეტილ საზოგადოებაში ვიზრდებოდით; ყველას ერთნაირი სათამაშო ქონდა, მხოლოდ საზიზღარი საღეჭი რეზინი ”წითელქუდა” იყო, რომელსაც ვერც დაღეჭავდი, მაგრამ ჩვენ მაინც ვყიდულობდით... ბოშების მიერ გაკეთებული სრულიად სულელური ბურთი რეზინზე, ბამბის ”კამფეტი” და ”მამალო” მხოლოდ 1 მაისს შეგეძლო გეყიდა, გვეცვა შავ-თეთრი ფორმები და დილა სკოლაში იწყებოდა საბჭოთა კავშირის ჰიმნის კითხვით ან სიმღერით, იმის მიხდევით, ვის რა და როგორ გამოსდიოდა...
ეს ყველაფერი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მოდის. აი შეგრძნებების დონეზე კი, ეს კი ბავშვობის გახსენებისას, გაცილებით მნიშვნელოვანია, ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ის წლების გახსენებისას განსაკუთრებული სითბო და სიმშვიდე მეუფლება და გაბადრულმა შემიძლება გავიხსენო ჩემი ბავშვობა...
ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ მინდა და ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ეს ოცნება მაშინ გამიჩნდა, როცა ერთხელაც, პატარამ, რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში პატარა ფერადკანიანი ბავშვების ძააალიან მძიმე ცხოვრების კადრები ვნახე.

მას მერე ასეთ კადრებს ყოველდღე ვხედავ, ვისმენ თუ ვკითხულობ ისტორიებს და არც არაფერი არ იცვლება. მილიონობით ბავშვი სრულიად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და, სამწუხაროდ, მათთვის ცხოვრება მშვენიერი ნამდვილად არაა...

აი, იმ კადრების ნახვის მერე ძალიან მიყვარს ფერადკანიანი ბავშვების ფოტოების დათვალიერება. საოცარი თვალები აქვთ...


და საოცარი ღიმილი...

მძიმე ცხოვრება ბევრ მათგანს ძლიერს ხდის და ცხოვრებისეული სირთულეებისადმი გამკლავების უნარს უყალიბებს. შესაძლოა, ბავშვობა მათ ნაკლებად სასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება, მაგრამ ბევრი მათგანი, ალბათ, სწორედ სირთულეების დაძლევას და განვითარებას ახერხებს. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის სამყარომ, ძალიან რაციონალურმა და ემოციებისგან დაცლილმა, ვერაფერი მოიფიქრა სიღატაკისა და თითქოს ელემენტარული, მაგრამ ადამიანისთვის სასიცოცხლო პრობლემების მოსაგვარებლად...
აბსურდია იფიქრო, რომ ოდესმე ამას ეშველება, მაგრამ იქნებ ოდესმე მაინც სამყარო გახდეს უკეთესი და ბავშვების თვალები სევდიანი არ იყოს...
ვიცი, რომ აბსურდია და აუხდენელი ოცნება, მაგრამ მე მაინც ვიოცნებებ, როგორც მაშინ, 4-5 წლის ასაკში...