Monday, January 18, 2010

მძიმე ორშაბათი...

უკანასკნელი რამდენიმე დღეა ვფიქრობ რა ჯობია - ზედაპირული იყო ადამიანი და როგორ მარტივადაც მიიღებ გადაწყვეტილებას რაღაცის დაწყების შესახებ, ასევე მარტივად დაასრულო კიდეც; თუ, მაინც ჯობია  ურთიერთობების დაწყებამდე მეტი იფიქრო, ასევე მეტი დრო დაუთმო იმაზე ფიქრს, როგორ  არ გაწყვიტო ურთიერთობები ადამიანთან, რომელიც ერთ დროს ასე ძვირფასი იყო შენთვის...

ვიცი, ძალიან ჩახლართულია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც კორექტულობას შევინარჩუნებ და იმ კონკრეტულ სიტუაციაზე არ ვისაუბრებ, რომელმაც ამ ყველაფერზე ამდენი მაფიქრა ამ დღეებში.

პირადად მე, არც ვიწყებ ურთიერთობებს სწრაფად და მითუმეტეს, არ ვწყვეტ ხოლმე პირველივე ან თუნდაც რამდენიმე მძიმე დაბრკოლების შემდეგ. ეს ყველაფერი საოცრად დიდ ძალისხმევას, ენერგიას, გათენებულ ღამეებს, ბევრ ცრემლს და საკუთარ თავთან ჭიდილს მოითხოვს. მაგრამ მაინც მგონია, რომ მეგობრობა, ოჯახის წევრებთან თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა პროცესია. პროცესი კი, თავისთავად გულისხმობს სირთულეებს. ისეთებსაც, ჭკუიდან რომ გადაგიყვანს და ისე გაგაბრაზებს, არავინ და არაფერი რომ არ გინდა. მაგრამ მაინც არ მესმის იმ ადამიანების, ძალიან სწრაფად რომ იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ოჯახის წევრზე ან მეგობარზე შენთან საშინელებებს რომ მოგიყვებიან, მეორე დღეს კი ძალიან ბედნიერი სახით გაუწყებენ, როგორ შეიცვალა ყველაფერი და რა უღრუბლოა ცა...

ასეთ სიტუაციაში ვიბნევი ხოლმე და არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს გარდა ერთისა - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილისა...

მაგრამ ამაზე მეტად მაინც სრულიად სხვა რამემ ამაფორიაქა დღეს და დამაწერინა ეს ბლოგი... 

ჩვენ ოთხნი ვართ, აი ის ოთხი A4 რომ ქვია და წლებია ლამის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის იმის მიუხედავად, რომ სრულიად განსხვავებულები ვართ. ამ განსხვავებულობის მიუხედავად, არის ფუნდამენტური, პრინციპული ღირებულებები, რომლებიც საერთოა ჩვენთვის და, გარდა იმისა, რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ალბათ, ამიტომაც ვმეგობრობთ.

და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებითი სისტემა თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, ეს მცირე გაუგებრობები, რამაც ყველა აგვაფორიაქა, მალე გადაივლის და ამ ყველაფერს სიცილით გავიხსენებთ.

და საერთოდაც, ყველა ურთიერთობაშია რთული პერიოდი, მისი დაძლევა კი ერთიორად ზრდის ურთიერთობით ტკბობის ხარისხს.

და რა ფანტასტიურია, რომ A4 იმ ადამიანთა ნაკრებია, რომლებიც ნაჩქარევად არავისთან იწყებენ ურთიერთობებს, მარტივად არავის უწოდებენ მეგობარს და მითუმეტეს, არც ფიქრობენ ურთიერთობების გაწყვეტაზე... და მერე რა, რომ ხშირად ძალიან რთული კონსტრუქციებით ვაზროვნებთ?! მთავარია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას ზედაპირულები არასდროს ვართ.

ხო, ხვალ კარგი ამინდი იქნებაო, ამბობენ...

Thursday, January 14, 2010

კარგია, კარგიიი...

დღეს დილით ძლივს გავიღვიძე, სამსახურში ერთი საათით დავიგვიანე და არც სინდისს შევუწუხებივარ; ვიფიქრე, 14 იანვარს მუშაობა საქართველოში რაღა უბედურებაათქო და რახან ამ ობიექტურ რეალობას (რომ დროზე ვერ გავიღვიძე) ვერ შევცლიდი, არ ვიდარდე.

კვირა დაიწყო ცუდად, გუშინ კი ძალიან, ძალიან ცუდად დაიწყო დღე. მერე ვიფიქრეთ, რომ აუცილებელი იყო ამისთვის ბოლო მოგვეღო და ეს ნეგატივი მართლა გაგვეყოლებინა გასული წლისთვის.

დღის გაგრძელება იყო სასიამოვნო. მერე კი, მხიარული დასასრული... რა თქმა უნდა, ძველით ახალ წელსაც ტრადიციულად სუფრასთან შევხვდით და ბევრი ვიცინეთ. მე ხომ ისევ მჯერა, რომ ახალი წელი პატარა სასწაულს მაინც მოიტანს და მგონია, რომ დღევანდელი დღე ამის დასტურია...

არა, განა მართლა სასწაული ხდება. უბრალოდ, დილიდან მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ (რა კარგია, ინტერნეტი რომ არსებობს:):):)) და დილიდან გაღიმებულები, გაცინებულები და ზოგჯერ, ბოდიში მომითხოვია, ჩაბჟირებულებიც ვართ.

კიდევ ერთხელ მივხვდი, რა კარგია, რომ ისინი არსებობენ!!!
რა მაგარია, როცა ასეთ ხასიათზე ვართ!!!
რა ფანტასტიურია, რომ გაზაფხული მალე მოვა (უფრო სწორედ, მე რომ უკვე ასე ვუყურებ ამ საკითხს)!!!
და საერთოდ, რა მაგარია, რომ ხვალ 15-ია (ნუ, ამას ჩემები მიხვდებიან).

ახლა უნდა გავიქცე სწორედ იმიტომ, რომ ხვალ 15-ია. A4-ზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ მეჩქარება. ნუ, ხვალ-ზეგ დავწერ:).

წავედი...

Monday, January 11, 2010

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო...

უბრალოდ, ძალიან გავბრაზდი დილიდან...

დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ახლა ოფისს და ვისეირნებდი ქალაქის ძველ უბნებში. და არც იმას შევიმჩნევდი, რომ მაღალი ქუსლებით თავპირი უნდა მოვიმტვრიო:):):). 

მთავარი მაინც ის არის, რომ ამინდია კარგი და ამ სეირნობისას მაინც დარჩები მარტო, რომ იფიქრო, ბევრ რამეზე იფიქრო... და მიხვდე, რომ არ უნდა მიაქციო ბევრ რამეს ყურადღება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანები შენ გვერდით არიან, შენ თვითრეალიზაციას მეტ-ნაკლებად ახერხებ, მზე ანათებს და საერთოდაც, შეიძლება ყველაფერი გაცილებით უარესად იყოს.

და მერე რა, რომ ხან შენი არ ესმით, ხან შენ არ გესმის სხვების.

არა, უნდა მეთქვა ეს ვიღაცისთვის. მეგობრებს თავიანთი საქმე აქვთ და დილიდან მათი ხასიათის გაფუჭება არ ღირს. ამიტომ, ისევ აქ ვარჩიე დამეწერა, რომ გავბრაზდი, გული დამწყდა, ისევ Smile ჩავრთე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ესეც გადაივლის :):):):).

აი, ასე....

Friday, January 8, 2010

Just Smile!!!

ლამის მთელი კვირაა, გაციების და სახლში უუუამრავი სტუმრის გამო, ინტერნეტში ბოდიალისთვის ვერ მოვიცალე. ახლა შანსი მომეცა და პირველი რაც გავაკეთე, ჩემი უუუსაყვარლესი სიმღერა მოვძებნე, არა ქოულის, არამედ როდ სტიუარტის შესრულებით და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ გაღიმება ყველაზე უკეთესი საშუალებაა პრობლემები არ შეიმჩნიო. 

სიმღერას ძალიან მარტივად - Smile - ქვია და ვინც არ უნდა ასრულებდეს მას, ყოველთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენია:).

და მეც, შევეცადე დამევიწყებინა ის, რომ ერთი კვირაა სახლიდან არ გავსულვარ, ვერ ვსუნთქავ და საერთოდაც, ამოვვარდი რიტმიდან და უბრალოდ გამეღიმა...

ამართლებს!!!

სამსახურიდან მეგობრებმა დამირეკეს და სასტიკად გამაფრთხილეს, სახინკლაოდ მივდივართ და შენგან უარს არ მივიღებთო. არც მიფიქრია უარი მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ხინკალი საერთოდაც არ მინდა. და მართლაც, ხინკალი ხომ არაა მთავარი?! მთავარი ის არის, რომ გასული წლიდან არ გვინახავს ერთმანეთი და იმდენი რამ დაგვიგროვდა უკვე სალაპარაკო:).

ხვალ კი ჩემი საყვარელი მეგობრის დაბადების დღეა და იქ უუუსაყვარლეს ადამიანებს ვნახავ, გავუზიარებთ მთელი ახალი წლის შთაბეჭდილებებს... კარგია!!!

პრინციპში, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. და კიდევ...

Smile, smile, smile....:):):)