Tuesday, August 24, 2010

ვინ თქვა, არაო?!...

დიახაც!
მაინტერესებს, ვინ თქვა, ქალები ჭკვიანები არ არიან, მართვა არ შეუძლიათ და საქმეს ცუდად აკეთებენო?!
რას ლაპარაკობთ?! გეკადრებათ?!
ქალები - ყველაზე ჭკვიანები, ნიჭიერები, ძლიერები და საერთოდაც, საოცარი არსებები არიან.
სიმღერა გინდა? - კი ბატონო.
ცეკვა გინდა? - რა თქმა უნდა!
მინისტრობა გინდა? - რასაკვირველია!
28 წლის ასაკში? - და რა პრობლემაა?!
არავითარი!
თან საქმეც გაკეთდება, თან ფემინისტები დამშვიდდებიან და იტყვიან, რომ დროა გენდერული ნიშნით შეწყდეს ქალების დევნა (გეგონება, გენდერული პრობლემები მხოლოდ ქალებს ეხება). ახალგაზრდა გოგონებს ზუსტად ეცოდინებათ, რომ ყველაფერი 26, დიდი-დიდი 28 წლამდე უნდა მოასწრონ, თორემ მერე კარიერულ წინსვლას აზრი არ აქვს და საერთოდაც, ქვეყანაც აშენდება...
და რამ მაფიქრებინა ეს ყველაფერი?
გაზეთ ”ალიას” დღევანდელმა ნომერმა და იქ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ პრემიერად ამჟამინდელი ეკონომიკისა და კიდევ რაღაცის მინისტრი, კულტურის და კიდევ რაღაცეების მინისტრად კი, ”გოგონა წითელ კაბაში” შეიძლება დანიშნონ.
გასაგებია, რომ ქართულ პრესას სკეპტიკურად უნდა უყურო, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ ქვეყანაში რომ არაფერია გასაკვირი, ეგეც ფაქტია...
ისე, კრის დე ბურგთან დუეტის ჩაწერა სახუმარო ამბავი ხომ არ არის?!..