Monday, March 29, 2010

გაზაფხული დადგაო და...

და დაიწყო ქალაქგარეთ გასვლები...

ხუთშაბათს გამოვაცხადე, როგორ მინდა თქვენთან (მეგობრებს განვუცხადე) ტყეში წასვლათქო და, წამო კვირას გრაფელებთან ერთად ზედაზენზეო. მეც მაშინვე დავთანხმდი და გულისფანცქალით დაველოდე კვირა დღეს. ამინდის პროგნოზი ლამის ქარბორბალას და თქეშ წვიმას პროგნოზირებდა, მაგრამ არ გამართლდა მათი მოლოდინი (იმიტირებული იყო ეგ ყველაფერი) და დილით გეზი ჯვრის მონასტრისკენ ავიღეთ.
რა თქმა უნდა, გავედით ქართულად, ანუ ნახევარი საათის დაგვაინებით, თუმცა უფრო ქართულადაც შეიძლებოდა. ეს დისლოკაციის ადგილიდან, თორემ ქალაქიდან გასვლას თან უძღოდა გაჩერება ლამის ყველა მარაზიასთან გაჩერება, მერე კვების ობიეტქებთან პიკნიკისთვის საჭირო საკვების ორგანიზებულად მანქანასში ჩატვირთვა. მოკლედ, გავედით...

ტრადიციული ჟივილ-ხივილის ფონზე ავედით ჯვარზე, შემდეგ საგურამოში. აქ ეკლესიაც მოვინახულეთ, ახალი, პატარა და ძალიან მყუდრო. ვიყავით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად ვიყავი და მოვიხიბლე. საოცარი სიმყუდროვეა. ძალიან მომინდა ცოტახნით მსგავს სახლში დასახლება...

შემდეგ კი იყო ზედაზენი. ძალიან ციოდა, იყო ნისლი და, სამწუხაროდ, ულამაზესი ხედით დატკბობა, ფოტოგრაფებმა კი, გადაღება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ყველანი ერთ-ერთი ”მასტერის” მასტერ-კლასს დავესწარით.

დამავიწყდა მეთქვა, რომ გრაფელები ფოტოხელოვნებით გატაცებული ხალხია. ქალაქგარეთ ფოტოაპარატებით და პროფესიონალებთან უმარავი კითხვით შეიარაღებულები მოდიოდნენ. მე კი, არც ფოტოაპარატი მქონადა, არც კითხვები, თუმცაღა ”შუმზე” და კიდევ რაღაცეებზე ლექციები სიამოვნებით მოვისმინე.

ბელიკომ თავისი zeniti ერთობ საქმიანად გამოიყენა და ფოტოებს ხვალისთვის ველოდებით ყველანი. მე კი, თავისი მობილური მომცა, ამით მაინც გადაიღე ფოტოები, გაერთობიო. გავერთე, აი ასე...


ეს კი მაკრო ყოფილა :)




ასეც გავერთე...






















მოკლედ, აი ასეთი კვირა იყო. სუფთა, ცოტა ცივი, მაგრამ ლამაზი.

შემდეგი გაჩერება? სადმე იქნება...

























Sunday, March 21, 2010

შინ, გაზაფხული და კარგი განწყობა....

გუშინდელი დღის ლოგიკური გაგრძელება - გაზაფხულის საღამო მშვიდი...

გუშინ იყო ”შინ”...

საოცარი მუსიკა, ძალიან ლამაზი ჰანგები, არანორმალური ენერგეტიკა და ძალიან, ძალიან დადებითი მუხტი.

პირველად მომეცა შესაძლებლობა ცოცხლად მომესმინა ამ საოცარი ჯგუფისთვის, პირველად ვიყავი განახლებულ საკონცერტო დარბაზში და ამ წელიწადს პირველად ვნახე ძალიან კარგი სანახაობა... (რამდენი რამე ყოფილა პირველად გუშინ?:)).

გულწრფელად გითხრათ, მომეჩვენა, რომ საკონცერტო დარბაზში ძირითადად ფასადზე იზრუნეს და ინტერიერი თითქმის არაა შეცვლილი. ის, რომ ვებ-გვერდი არ უვარგათ და ბილეთების დაჯავშნა პრობლემაა, ეგ ისედაც ვიცოდი. თუმცა, გუშინ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. მთავარი ის ემოცია იყო, რომელიც სცენიდან მოდიოდა და, მგონი, მაყურებელმაც ადექვატურად უპასუხა ჯგუფს ასევე ძალიან გულწრფელი ემოციით.

გუშინ ”შინის” კონცერტზე მნიშვნელოვანი რამეც ხდებოდა სპორტის და არამხოლოდ სპორტის მოყვარულთათვის - ჩვენმა ნაკრებმა მოიგო.

და ამ ორ შემთხვევას ნიჭი და შრომა აქვს საერთო. და ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ამ ნიჭისა და შრომის მატერიალიზებული პროდუქტის არსებობა ასე მნიშვნელოვანია...

რა კარგია, რომ შენ ამ ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა გაქვს, ცოცხლად და არა იმიტირებულად ნახვის...

და რა კარგია, რომ არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ”ვითომ” არაფერს აკეთებენ...

გაზაფხულის საღამოა მშვიდი...

Friday, March 19, 2010

ომი მიყვარსო...

ჯერ კიდევ 13 მარტს (ზუსტად მახსოვს:)) ვაპირებდი ოსკაროსანი ფილმის ნახვას, მაგრამ იმიტირებული ომისა და მოდელირებული ახალი ამბების მერე ომის თემაზე ფილმის ნახვის სურვილი არ გამჩენია.

დღეს ვნახე... ერთი ძალზედ ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით დანახული ”ქარიშხლის მბრძანებელი” ცუდი არა, მაგრამ არც განსაკუთრებული ფილმი არაა. ომის საშინელება და ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აღიქვამენ პროცესებში უშუალო ჩართულობას - ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.


დავეთანხმე რეჟისორს იმაში, რომ ომი ნარკოტიკია. თუ ასე არაა, მაშინ რატომ უნდა მოუნდეს ძალიან ჩვეულებრივ გამნაღმველს ან ამ პროფესიის ათვისება ან რატომ უნდა მოსწონდეს, მეტიც, უყვარდეს (ამას ფილმის მთავარი გმირი საკუთარ რამდენიმე თვის შვილს ეუბნება) ომი?!

ის, რომ ომი კონკრეტული სახელმწიფოებისთვის დიდი პოლიტიკა, კონკრეტული ჯგუფებისთვის კი დიდი ბიზნესია, ეს გასაგებია. მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანისთვის? ეტყობა მართლა უყვართ ომი; როგორც ჩანს, ომში მორგებული როლი გაცილებით მნიშვნელოვანი და ახლოა, ვიდრე სხვა რამ, ნუ მაგალითად, შვილი და მასზე ზრუნვა...

საშინელებაა და ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არ არიან და ეს არასდროს დასრულდება...

უკვე დავწერე იმაზე, რომ არ მინდოდა ოსკარი ”ავატარს” წაეღო და ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტრი არ ვარ, მაინც ძალიან გამიხარდა, რომ პირველად ეს ჯილდო ქალ რეჟისორს გაატანეს. ის, რომ ამ ფილმის გამარჯვებას პოლიტიკური ელფერიც დაკრავს, ალბათ, არც ეგაა აზრს მოკლებული.

მე კი ერთი ემოცია მაქვს ახლა - რაღაც განსხვავებულს ველოდი და, თითქოს იმედი გამიცრუვდა...

და ახლაც ჩამესმის მთავარი გმირის ფრაზა - მე კი მიყვარს ომი...


Monday, March 15, 2010

იდიოტო თუ ....ოკრატია?!...

შაბათ საღამოს ემოციებისგან ჯერაც ვერ გამოვდივარ. დილით სამსახურში მთელი დასტა დამხვდა გაზეთების; მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ომის იმიტაცია...

უკვე თვლა აღარ მინდა, რამდენი ომის მომსწრე გახდა ჩემი თაობა და როგორ დაიღალა ამ ყველაფრით.

მრავალი ემოცია აირია ერთმანეთში, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც სიბრაზე მახსოვს. მახსოვს, როგორ გავბრაზდი და როგორ მეტკინა გული, როცა მოვისმინე, რომ ეს სიმართლე არ იყო. შვებით კი არ ამოვისუნთქე და გამიხარდა, რომ ეს არ იყო რეალობა, გავბრაზდი, მეტკინა და შემრცხვა...

მთელი დღე სტუდენტებისთვის მას-მედიის, კერძოდ კი, ტელევიზიის როლზე, მასზე როგორც სოციალიზაციის აგენტზე ლექციას ვამზადებდი. კიდევ ერთხელ, ბევრი სტატია გადავიკითხე, მოკლე სიუჟეტები ვნახე იმაზე, არის თუ არა ტელევიზიით პრეზენტირებული აგრესია საშიში ბავშვებისთვის და ახდენს თუ არა ის ნეგატიურ გავლენას სოციალიზაციის პროცესზე...

როგორც წესი, კვლევების შედეგები ცალსახა არაა, მაგრამ მაინც უფრო ხშირად იმ კვლევის შედეგებს შეხვდებით, რომლებიც ამტკიცებს, რომ ტელევიზია და იქ გასული აგრესია ნეგატიურ როლს თამაშობს.

მთელი დღე ვცდილობდი სტატიები ისე შემერჩია, რომ ორივე პოზიცია თანაბრად ყოფილიყო წარმოდგენილი. ”იმედის” სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა მომეძებნა არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა წარმოდგენას ტელევიზიის ნეგატიურ ზეგავლენაზე.

რა თქმა უნდა, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგიური მიღწევა ბოროტებაა, მაგრამ ორი დღეა ყველაზე ხშირად მახსენდება ფრაზა - მოწევა (ტელევიზორის ყურება) კლავს!!!


აი, ასე!!!....







Tuesday, March 9, 2010

აი ასე...

დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. საკმაო დრო გავიდა, რაც არაფერი დამიწერია. არ მეწერებოდა. აი, დღეს მეწერება და ვწერ:)...

მეგობრებს მთელი დღეა არაჩვეულებრივი ”სკყპე”-თი ვესაუბრები და ამაღლებულ ხასიათზე ვარ...
მერე რა, რომ ალისაზე ბილეთებს ლამის ერთი კვირაა ვჯავშნით და ვერ ვჯავშნით...

მერე რა, რომ ჩემს მეგობარს 2012-ის ნახვის მერე კოშმარები ესიზმრება...
რა ვუყოთ, თუ ეს საცოდავი დედამიწა ოდნავ მოიღრიცა (რაც ჩვენ მას დავმართეთ, რომ არ მოიხარა წელში, ეგეც გასაკვირია)...
მერე რა, რომ ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალზე წითელ ხალიჩაზე გამოპრანჭულებიდან ჩემი არც ერთი საყვარელი მსახიობი არ იყო... (არა, იყო მაინც - პენელოპა კრუსი და მერილ სტრიპი)...
მერე რა, რომ უკვე მერამდენედ დამწყდა გული, რომ სტინგის კონცერტს ამჯერადაც ვერ დავესწრები და საერთოდ, სანამ აქ არ ჩამოიყვანენ, მე დალასში ან სიდნეიში მის მოსასმენად ვერ ჩავალ (არადა, მისი ფანკლუბიდან თავს ვერ ვშლი, გული ამას ვერ აიტანს და მოდის შეტყობინებების ჩემს გვერდზე:(:))...

სამაგიეროდ:
ჩემი მეგობარი დღეს ეგვიპტეში მიდის და კარგი მგზავრობა მას. ისე, ისეთი დარიგებული მიდის ასევე ჩვენი მეგობრის მიერ, ახლახანს რომ ჩამოვიდა აზიიდან, რომ მგონი არც ერტი ტუროპერატორისკენ, აქლემისკენ და შავი ადამიანისკენ არ გაიხედავს. ნუ, სანახავი მაინც ბევრია მანდ, არ მოიწყენს:).
მეორეც, ძალიან ვიდარდე, ოსკარი ”ავატარს” არ წაეღო და სასტიკად გამიხარდა, რომ მას არ ერგო მთავარი პრიზი. ახლაც მახსოვს, ფილმიდან გამოსულს, სხვა არაფერზე მიფიქრია, გარდა იმისა, რომ თვალები სასტიკად მტკიოდა.
მართალია, ”ქარიშხლის მბრძანებელი” (თუ, როგორცაა ქართულად) არ მინახავს, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ქალმა პირველად აიღო მთავარი ოსკარი (ისე, არც ფემინისტი ვარ).

და კიდევ, ეგ ფილმი უკვე მაქვს და აუცილებლად ვნახავ...

და მერე რა, რომ ალისაზე ბილეთები არ არის, ოსკაროსანი ფილმი კი ალბათ, საუკუნით დააგვიანებს კინოთეატრებში...



მთავარია, გაზაფხულის სუნი ტრიალებს!!!