Monday, July 26, 2010

ჩემი პარიზი...


ჩემი პარიზი? ხო, ჩემიც...
აი, ისეთზე დავწერ, მარტო ჩემს მეხსიერებაში რომ დარჩა...
ამ ქალაქში მოხვედრაზე ალბათ ყველა ოცნებობს და გამონაკლისი არც მე ვარ. უკვე მერამდენე წელია, ბავშვობის მეგობრები გვეპატიჟებიან და როგორც იქნა, მოვაგვარეთ ათასი წვრილმანი და ჩავფრინდით ქალაქში, რომელიც წიგნებში, ფოტოებსა თუ კინოში იყო მხოლოდ.
ორი კვირა სულშეკრული დავდიოდი ქალაქში, რომელშიც ძალიან ბევრი რამ ნაცნობია. იმდენი რამ ვიცით ამ ქალაქზე, რომ გეჩვენება, თითქოს ეს ყველაფერი უკვე გინახავს. მაგრამ, იმავდროულად, გრჩება შთაბეჭდილება, რომ რამდენჯერაც არ უნდა ნახო, აღფრთოვანებას ვერასდროს დამალავ.

თანამედროვე, ცხოვრების გიჟური რიტმი მე-18-19 საუკუნეების არისტოკრატული სილამაზის პარალელურად; თითქოს ძალიან ცივი, საკუთარი საქმეებით დაკავებული და იმავდროულად მუდამ მომღიმარი ხალხი; სიბინძურე ქუჩებში, მაგრამ სრულიად არაჩვეულებრივი არქიტექტურა...

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ხალხი იყო - მუდამ მომღიმარი, ბედნიერი ხალხი. დაღლილები, გადაქანცულები, მაგრამ იმედით და სიხარულით სახვსე თვალებით.
ასაკოვან ტურისტთა ჯგუფები - ისევ მხიარული ბებიები და ბაბუები, რომელთაც დაქანცული ახალგაზრდობის შემდეგ, მოიცალეს და საკუთარ თავს იმ სიამოვნებას არ აკლებენ, უცხო კულტურის გაცნობა რომ ჰქვია...

არც ნიჭი მაქვს და ვერც სიტყვებს ვპოულობ იმ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად, რომელიც ამ ქალაქმა მოახდინა. ამიტომ, ასე ჯობია...

მონმარტრი და მხატვრების საოცნებო ადგილი... აქედან მართლა ისეთი ხედი იშლება, ხატვის ნიჭი თუ გაქვს, აუცილებლად დახატავ...

წარმატებული ფოტო ვერ არის, მაგრამ ამ სილამაზის დანახვაზე, სული შემეკრა.
სრული საოცრებაა... ბავშვობაში, ჰიუგოს ნაწარმოების
კითხვისას, მეგონა მეც იქ ვიყავი. იქ აღმოჩენილს კი გრჩევა შთაბეჭდულება, რომ ამ სიდიადის გადმოსაცემად რთულია სიტყვები მოძებნო. ეს ალბათ უნდა შეიგრძნო ტაძარში შესულმა, სადაც შენთან ერთად ასეულობით ადამიანია და სულგანაბული აკვირდება ყველა კედელს, ყველა ნაწილს და ცდილობს ყველაფერი გონებაში აღბეჭდოს.
საოცარია, ტაძარში და საერთოდ, ყველა ადგილი ისეა მოწყობილი, რომ ტურისტმა თავი კომფორტულად იგრძნოს. შეგიძლია ჩამოჯდე ტაძარში და იმდენი ხანი დაჰყო, რამდენიც გინდა. გაქვს დრო დათვალიერებისთვის, ფიქრისთვის და ბევრი რამის გააზრებისთვის; თუნდაც იმის, რომ სრულიად ნორმალურია, ასეთი მნიშვნელობის ტაძარი ტურისტულ ობიექტად გადაიქცეს...

ლუვრის საფუძვლიანად დათვალიერებას წლები სჭირდება, ამიტომაც, როგორც ჭეშმარიტ ტურისტებს ეკადრებათ, ჩვენც მოვიმარჯვეთ რუქა და ის დარბაზები განვსაზღვრეთ, აუცილებლად რომ უნდა გვენახა. რასაკვირველია, მათ რიცხვში ნაპოლეონის აპარტამენტები, ეგვიპტე და საბრძნეთი, იტალიური და ესპანური ფერწერა, და ცხადია, მონა-ლიზა და ნიკეს ქანდაკება იყო. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ იქ იმდენი საოცრება ვნახე, რომ ყველაზე ნაკლები შთაბეჭდილება ლეონარდოს ჯოკონდამ მოახდინა. იქნებ, ეს იმის ბრალიცაა, რომ მონა-ლიზა ძალიან ნაცნობია ყველასთვის, ან არ ვიცი, მე არ მეყო უნარი მისი სიდიადის აღსაქმელად... ნუ, ფოტო იყოს მაინც:)














სრულიად ფანტასტიურია ვერსალი, სრულიად...



აი, დისნეი კი ცალკე თემაა. იქ გავიწყდება ასაკი და გგონია, რომ ხარ პატარა ბავშვი, რომელსაც ყველაფრის ნახვა უნდა და სრულიად აღფრთოვანებული თვალებით ათვალიერებს იმ საოცრებას, რომელიც იქ გხვდება.
და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ...
ასეთიცაა ჩემი პარიზი და ისეთიც, აქ რომ არ ჩანს...

1 comment:

tammo said...

ძალიან მაგარია, ეს ერთი და სხვა მრავალი...