მძიმე ორშაბათი...
უკანასკნელი რამდენიმე დღეა ვფიქრობ რა ჯობია - ზედაპირული იყო ადამიანი და როგორ მარტივადაც მიიღებ გადაწყვეტილებას რაღაცის დაწყების შესახებ, ასევე მარტივად დაასრულო კიდეც; თუ, მაინც ჯობია ურთიერთობების დაწყებამდე მეტი იფიქრო, ასევე მეტი დრო დაუთმო იმაზე ფიქრს, როგორ არ გაწყვიტო ურთიერთობები ადამიანთან, რომელიც ერთ დროს ასე ძვირფასი იყო შენთვის...
ვიცი, ძალიან ჩახლართულია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც კორექტულობას შევინარჩუნებ და იმ კონკრეტულ სიტუაციაზე არ ვისაუბრებ, რომელმაც ამ ყველაფერზე ამდენი მაფიქრა ამ დღეებში.
პირადად მე, არც ვიწყებ ურთიერთობებს სწრაფად და მითუმეტეს, არ ვწყვეტ ხოლმე პირველივე ან თუნდაც რამდენიმე მძიმე დაბრკოლების შემდეგ. ეს ყველაფერი საოცრად დიდ ძალისხმევას, ენერგიას, გათენებულ ღამეებს, ბევრ ცრემლს და საკუთარ თავთან ჭიდილს მოითხოვს. მაგრამ მაინც მგონია, რომ მეგობრობა, ოჯახის წევრებთან თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა პროცესია. პროცესი კი, თავისთავად გულისხმობს სირთულეებს. ისეთებსაც, ჭკუიდან რომ გადაგიყვანს და ისე გაგაბრაზებს, არავინ და არაფერი რომ არ გინდა. მაგრამ მაინც არ მესმის იმ ადამიანების, ძალიან სწრაფად რომ იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ოჯახის წევრზე ან მეგობარზე შენთან საშინელებებს რომ მოგიყვებიან, მეორე დღეს კი ძალიან ბედნიერი სახით გაუწყებენ, როგორ შეიცვალა ყველაფერი და რა უღრუბლოა ცა...
ასეთ სიტუაციაში ვიბნევი ხოლმე და არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს გარდა ერთისა - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილისა...
მაგრამ ამაზე მეტად მაინც სრულიად სხვა რამემ ამაფორიაქა დღეს და დამაწერინა ეს ბლოგი...
ჩვენ ოთხნი ვართ, აი ის ოთხი A4 რომ ქვია და წლებია ლამის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის იმის მიუხედავად, რომ სრულიად განსხვავებულები ვართ. ამ განსხვავებულობის მიუხედავად, არის ფუნდამენტური, პრინციპული ღირებულებები, რომლებიც საერთოა ჩვენთვის და, გარდა იმისა, რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ალბათ, ამიტომაც ვმეგობრობთ.
და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებითი სისტემა თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, ეს მცირე გაუგებრობები, რამაც ყველა აგვაფორიაქა, მალე გადაივლის და ამ ყველაფერს სიცილით გავიხსენებთ.
და საერთოდაც, ყველა ურთიერთობაშია რთული პერიოდი, მისი დაძლევა კი ერთიორად ზრდის ურთიერთობით ტკბობის ხარისხს.
და რა ფანტასტიურია, რომ A4 იმ ადამიანთა ნაკრებია, რომლებიც ნაჩქარევად არავისთან იწყებენ ურთიერთობებს, მარტივად არავის უწოდებენ მეგობარს და მითუმეტეს, არც ფიქრობენ ურთიერთობების გაწყვეტაზე... და მერე რა, რომ ხშირად ძალიან რთული კონსტრუქციებით ვაზროვნებთ?! მთავარია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას ზედაპირულები არასდროს ვართ.
ხო, ხვალ კარგი ამინდი იქნებაო, ამბობენ...