Monday, January 18, 2010

მძიმე ორშაბათი...

უკანასკნელი რამდენიმე დღეა ვფიქრობ რა ჯობია - ზედაპირული იყო ადამიანი და როგორ მარტივადაც მიიღებ გადაწყვეტილებას რაღაცის დაწყების შესახებ, ასევე მარტივად დაასრულო კიდეც; თუ, მაინც ჯობია  ურთიერთობების დაწყებამდე მეტი იფიქრო, ასევე მეტი დრო დაუთმო იმაზე ფიქრს, როგორ  არ გაწყვიტო ურთიერთობები ადამიანთან, რომელიც ერთ დროს ასე ძვირფასი იყო შენთვის...

ვიცი, ძალიან ჩახლართულია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც კორექტულობას შევინარჩუნებ და იმ კონკრეტულ სიტუაციაზე არ ვისაუბრებ, რომელმაც ამ ყველაფერზე ამდენი მაფიქრა ამ დღეებში.

პირადად მე, არც ვიწყებ ურთიერთობებს სწრაფად და მითუმეტეს, არ ვწყვეტ ხოლმე პირველივე ან თუნდაც რამდენიმე მძიმე დაბრკოლების შემდეგ. ეს ყველაფერი საოცრად დიდ ძალისხმევას, ენერგიას, გათენებულ ღამეებს, ბევრ ცრემლს და საკუთარ თავთან ჭიდილს მოითხოვს. მაგრამ მაინც მგონია, რომ მეგობრობა, ოჯახის წევრებთან თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა პროცესია. პროცესი კი, თავისთავად გულისხმობს სირთულეებს. ისეთებსაც, ჭკუიდან რომ გადაგიყვანს და ისე გაგაბრაზებს, არავინ და არაფერი რომ არ გინდა. მაგრამ მაინც არ მესმის იმ ადამიანების, ძალიან სწრაფად რომ იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ოჯახის წევრზე ან მეგობარზე შენთან საშინელებებს რომ მოგიყვებიან, მეორე დღეს კი ძალიან ბედნიერი სახით გაუწყებენ, როგორ შეიცვალა ყველაფერი და რა უღრუბლოა ცა...

ასეთ სიტუაციაში ვიბნევი ხოლმე და არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს გარდა ერთისა - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილისა...

მაგრამ ამაზე მეტად მაინც სრულიად სხვა რამემ ამაფორიაქა დღეს და დამაწერინა ეს ბლოგი... 

ჩვენ ოთხნი ვართ, აი ის ოთხი A4 რომ ქვია და წლებია ლამის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის იმის მიუხედავად, რომ სრულიად განსხვავებულები ვართ. ამ განსხვავებულობის მიუხედავად, არის ფუნდამენტური, პრინციპული ღირებულებები, რომლებიც საერთოა ჩვენთვის და, გარდა იმისა, რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ალბათ, ამიტომაც ვმეგობრობთ.

და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებითი სისტემა თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, ეს მცირე გაუგებრობები, რამაც ყველა აგვაფორიაქა, მალე გადაივლის და ამ ყველაფერს სიცილით გავიხსენებთ.

და საერთოდაც, ყველა ურთიერთობაშია რთული პერიოდი, მისი დაძლევა კი ერთიორად ზრდის ურთიერთობით ტკბობის ხარისხს.

და რა ფანტასტიურია, რომ A4 იმ ადამიანთა ნაკრებია, რომლებიც ნაჩქარევად არავისთან იწყებენ ურთიერთობებს, მარტივად არავის უწოდებენ მეგობარს და მითუმეტეს, არც ფიქრობენ ურთიერთობების გაწყვეტაზე... და მერე რა, რომ ხშირად ძალიან რთული კონსტრუქციებით ვაზროვნებთ?! მთავარია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას ზედაპირულები არასდროს ვართ.

ხო, ხვალ კარგი ამინდი იქნებაო, ამბობენ...

6 comments:

tammo said...

არა, ხვალ ჭყაპი იქნება, და ალბათ თოვლი:)

ხანდახან, ძალიან რთულია უბრალოდ რთულია უმცირესობაში ჩავარდნილმა ამტკიცო საკუთარი სიმართლე. ამ დროს თავს იკავებ და ისევ შენ დგავ ნაბიჯს არ დაკარგვისკენ, მარა მერე ხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩვევაში გადადის და ელემენტალურად, ისე რომ ახსნასაც არ ითხოვენ რატომ გახშირდა ეს შემთხვევები ისევ შენგან მოელიან პასუხს, ან სხვა თანამდებ პრობლემას მიაწერენ შენს სულიერად მძიმე მდგომარეობას. რას გეტყვი იცი ჩემი კესო: მეგობრობა მე ასე მესმის, თუ რამე პრობლემა გაქვს მაშინვე, ამ პრობლემის წამოჭრისთანავე უნდა გაცხადდეს და არა ისე, აზრზე რომ არ ხარ და უცბათ სიტყვამ მოიტანა და ისეთს გტკიცავს გულის მოტრიალება რომ გაგიჭირდება ადამიანს. მოკლედ, ყველამ თავის თავში იპოვოს თავისი წილი სიმართლეც და არც საკუთარი თავის გამტყუნების მოგვერიდოს, ასე უფრო ადვილად გადავიტანთ ცხოვრებას, თორემ უმცირესობაში მყოფი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ყოველთვის დაიჩაგრება და თუნდაც მეგობრობაში დაჩაგრული ადამიანი (უაზროდ რომ დაიწყებს ყველაფერზე თავის ქნევას) არად ივარგებს მერწმუნე:)

კესო said...

თამ, იცი, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ის ადამიანები ვართ, არც შეცდომების საკუთარ თავში ძიება რომ გვეთაკილება, არც შეცდომების აღიარება და არც ბოდიშის მოხდა, თუ ეს საჭიროა...
და კიდევ, ასე მგონია, რომ ამ ეპოქის მთავარი პრობლემა - კატასტროფული უკმარისობა დორის და ინტერნეტსივრცის საშუალებით ურთიერთობა ჩვენც შეგვეხო.
უბრალოდ, საუბარია საჭირო და არა ასე ვირტუალურად, არამედ ძალიან რეალურ გარემოში, აი ისე, თვალებში რომ უყურებენ ადამიანები ერთამენთს და ისე საუბრობენ.
ხო და კიდევ, დღეს წავიკითხე, რომ 18 იანვარი ამ წლის ყველაზე დეპრესიული დღე ყოფილა...
და როგორ მიხარია, რომ ხვალ უკვე 19-ია...

vasasi said...

კესო, ავტორიზაციას რომ გაივლი ბლოგზე, შედი setting-ში, მერე coments და ნახე კითხვა: Show word verification for comments? და ნო მიეცი.. :)
თორემ კომენტარებს რომ ვტოვებთ, დამცავ კოდს გვთხოვს და რთულია ეგ ამბავი.. :)
და კიდევ, მანდვე ნახე Comment Form Placement და full page ან pop up window მიეცი.. :)
თორემ, ასე სპამივით გამოდის კომენტარები.. :*


და ისა..
ჩვენ ხუთნი ვართ ეგრე, სულ განსხვავებული ადამიანები. ჯერ სამი წელია ერთად ვართ და ვნახოთ. იმედია, გაგრძელდება ეს ბოლომდე.. :)

კესო said...

ყველა რჩევა გავითვალისწინე და, იმედია, ახლა ყველაფერი წესრიგშია:):):)

ხო, გაგრძლედება რა თქმა უნდა და მერე კიდევ უფრო მყარი იქნება, დამიჯერე:):):)

vasasi said...

კიიი.. ახლა მოწესრიგდა ყველაფერი.. :))

ბლოგროლზე დარეგისტრირდი, უფრო ბევრი ნახავს შენს პოსტებს.. www.blogroll.ge

Kate said...

ჩემი პირადი მაგალითიდან გეტყვი, რომ ნორმალური ურთიერთობის არ–გაგრძელება რეგვენობაზე მიუთითებს, ქაჯობაზე, უკულტურობაზე და ა. შ.

რამდენი დაშორებული წყვილია, რომელიც მეგობრობს და ძალიან კარგად უგებენ კიდევაც ერთმანეთს. მაგრამ ეჰ...
ამ მამაკაცებს ჭკუა მისცათ და მე – ფული.