Friday, March 19, 2010

ომი მიყვარსო...

ჯერ კიდევ 13 მარტს (ზუსტად მახსოვს:)) ვაპირებდი ოსკაროსანი ფილმის ნახვას, მაგრამ იმიტირებული ომისა და მოდელირებული ახალი ამბების მერე ომის თემაზე ფილმის ნახვის სურვილი არ გამჩენია.

დღეს ვნახე... ერთი ძალზედ ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით დანახული ”ქარიშხლის მბრძანებელი” ცუდი არა, მაგრამ არც განსაკუთრებული ფილმი არაა. ომის საშინელება და ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აღიქვამენ პროცესებში უშუალო ჩართულობას - ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.


დავეთანხმე რეჟისორს იმაში, რომ ომი ნარკოტიკია. თუ ასე არაა, მაშინ რატომ უნდა მოუნდეს ძალიან ჩვეულებრივ გამნაღმველს ან ამ პროფესიის ათვისება ან რატომ უნდა მოსწონდეს, მეტიც, უყვარდეს (ამას ფილმის მთავარი გმირი საკუთარ რამდენიმე თვის შვილს ეუბნება) ომი?!

ის, რომ ომი კონკრეტული სახელმწიფოებისთვის დიდი პოლიტიკა, კონკრეტული ჯგუფებისთვის კი დიდი ბიზნესია, ეს გასაგებია. მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანისთვის? ეტყობა მართლა უყვართ ომი; როგორც ჩანს, ომში მორგებული როლი გაცილებით მნიშვნელოვანი და ახლოა, ვიდრე სხვა რამ, ნუ მაგალითად, შვილი და მასზე ზრუნვა...

საშინელებაა და ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არ არიან და ეს არასდროს დასრულდება...

უკვე დავწერე იმაზე, რომ არ მინდოდა ოსკარი ”ავატარს” წაეღო და ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტრი არ ვარ, მაინც ძალიან გამიხარდა, რომ პირველად ეს ჯილდო ქალ რეჟისორს გაატანეს. ის, რომ ამ ფილმის გამარჯვებას პოლიტიკური ელფერიც დაკრავს, ალბათ, არც ეგაა აზრს მოკლებული.

მე კი ერთი ემოცია მაქვს ახლა - რაღაც განსხვავებულს ველოდი და, თითქოს იმედი გამიცრუვდა...

და ახლაც ჩამესმის მთავარი გმირის ფრაზა - მე კი მიყვარს ომი...


1 comment:

tammo said...

მე მძულს ომი, განსაკუთრებით თუ ეს ჩვენ გვეხება და არ მიყვარს ის ხალხი ვისთვისაც ომის კეთება პროფესია და ხელობააააა.......