Tuesday, June 1, 2010

1 ივნისი

საინტერესო დღეა... ნინოობაა, ზაფხულის პირველი დღეა, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეა...


ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა - ევროვიზიაზე და ჩვენ საინტერესო არჩევანზე (ბელარუსისთვის მიცემულ 12 ქულას ვგულისხმობ), არჩევნებზე და მის შედეგებზე, ზაფხულზე...


მაინც ბავშვებზე შევჩერდი. სხვა დანარჩენზე მერე დავწერ, თუ მომინდა დაწერა...


არ მახსოვს ეს დღეს პომპეზურად ოდესმე აღმინიშნავს თუ არა, მაგრამ ბავშვობა ძალიან თბილად მახსენდება.


აი, როცა ბავშვობაზე ვლაპარაკობ, მახსენდება ასე ძალიან ლამაზი ეზო (მე დღესაც მგონია, რომ ის საოცრად ლამაზი იყო)...


საოცარი სიმშვიდე, რომელიც ჩემ გარშემო სუფევდა...
ბებია წინსაფრით და განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიარულის მანერით, განსაკუთრებული სურნელით და სიმშვიდის განცდით, რომელიც მის გვერდით მეუფლებოდა...
დილით საჩუქრებით სავსე ოთახი და პატარა ზღაპარი, რომელიც მივლინებიდან მორიგი დაბრუნების შემდეგ დაბრუნებულმა მამამ რომ მოგვიწყო...
დედა - მშვიდი, მისი საოცარი ღიმილი და სითბო...
ჩემი პატარა მაიმუნი, რომელიც ზუსტად ჩემი ტოლია და სულ ჩემთანაა...
და კიდევ ბევრი, ბევრი წვრილმანი...
ომი, უშუქობა, საოცარი ტკივილი და ბევრი, ბევრი რამ ასევე ბავშვობაში დაიწყო, მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით იყო და ბავშვობის ხსენებაზე, ეს ყველაფერი ნაკლებად მახსენება.
მერე რა, რომ ახლა ზუსტად ვხვდები, რომ ჩაკეტილ საზოგადოებაში ვიზრდებოდით; ყველას ერთნაირი სათამაშო ქონდა, მხოლოდ საზიზღარი საღეჭი რეზინი ”წითელქუდა” იყო, რომელსაც ვერც დაღეჭავდი, მაგრამ ჩვენ მაინც ვყიდულობდით... ბოშების მიერ გაკეთებული სრულიად სულელური ბურთი რეზინზე, ბამბის ”კამფეტი” და ”მამალო” მხოლოდ 1 მაისს შეგეძლო გეყიდა, გვეცვა შავ-თეთრი ფორმები და დილა სკოლაში იწყებოდა საბჭოთა კავშირის ჰიმნის კითხვით ან სიმღერით, იმის მიხდევით, ვის რა და როგორ გამოსდიოდა...
ეს ყველაფერი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მოდის. აი შეგრძნებების დონეზე კი, ეს კი ბავშვობის გახსენებისას, გაცილებით მნიშვნელოვანია, ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ის წლების გახსენებისას განსაკუთრებული სითბო და სიმშვიდე მეუფლება და გაბადრულმა შემიძლება გავიხსენო ჩემი ბავშვობა...
ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ მინდა და ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ეს ოცნება მაშინ გამიჩნდა, როცა ერთხელაც, პატარამ, რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში პატარა ფერადკანიანი ბავშვების ძააალიან მძიმე ცხოვრების კადრები ვნახე.

მას მერე ასეთ კადრებს ყოველდღე ვხედავ, ვისმენ თუ ვკითხულობ ისტორიებს და არც არაფერი არ იცვლება. მილიონობით ბავშვი სრულიად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და, სამწუხაროდ, მათთვის ცხოვრება მშვენიერი ნამდვილად არაა...

აი, იმ კადრების ნახვის მერე ძალიან მიყვარს ფერადკანიანი ბავშვების ფოტოების დათვალიერება. საოცარი თვალები აქვთ...


და საოცარი ღიმილი...

მძიმე ცხოვრება ბევრ მათგანს ძლიერს ხდის და ცხოვრებისეული სირთულეებისადმი გამკლავების უნარს უყალიბებს. შესაძლოა, ბავშვობა მათ ნაკლებად სასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება, მაგრამ ბევრი მათგანი, ალბათ, სწორედ სირთულეების დაძლევას და განვითარებას ახერხებს. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის სამყარომ, ძალიან რაციონალურმა და ემოციებისგან დაცლილმა, ვერაფერი მოიფიქრა სიღატაკისა და თითქოს ელემენტარული, მაგრამ ადამიანისთვის სასიცოცხლო პრობლემების მოსაგვარებლად...
აბსურდია იფიქრო, რომ ოდესმე ამას ეშველება, მაგრამ იქნებ ოდესმე მაინც სამყარო გახდეს უკეთესი და ბავშვების თვალები სევდიანი არ იყოს...
ვიცი, რომ აბსურდია და აუხდენელი ოცნება, მაგრამ მე მაინც ვიოცნებებ, როგორც მაშინ, 4-5 წლის ასაკში...

Friday, May 14, 2010

ისევ ჩვენ და ისევ ჩვენ...


კი, კი, ნამდვილად ისევ ჩვენ...

და აი ასეა უკვე 12 წელიწადია და რაც დრო გადის, მით უფრო საინტერესო და ძვირფასი ხდება ეს ყველაფერი...

თითქოს არაფერი განსაკუთრებული... არადა, მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის კვარტალში ერთხელ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სახლის სრული ოკუპირება.

ნუ, კეკლუცობა იქეთ იყოს და, სმა-ჭამა ასე დიდად შესარგი, ამ შეკრების მნიშვნელოვანი შემადგენელია, თუმცა, არა უმნიშვნელოვანესი...

აი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ...

საუბარი, საუბარი, საუბარი...

საუბარი ყველაზე და ყველაფერზე...

ცოტა სევდა, ბევრი სიცილ-ხითხით-ხარხარი...

გარდასულ წელთა გახსენება...

და, რა თქმა უნდა, ფიქრი და ოცნება მომავალზე...


აი ასე, ოთხნი უკვე ერთ ათეულ წელიწადზე მეტია, ამ კვარტალში ერთხელ ასეთ გრანდიოზულ შეკრებას აწყობს და უკვე წარმოუდგენია, როგორი იქნება ეს შეხვედრა დაახლოებით სამი ათეული წლის შემდეგ.
P.S. მაიმუნი კი, საყვარელი, გონიერი და მხიარული ცხოველია სევდიანი თვალებით. იმედია, ჩვენც ასეთები ვართ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ფოტო მათაც ისევე გაახალისებს, როგორც მე:):):).

Wednesday, May 5, 2010

შემთხვევით თუ გადავეყარეთ...

არადა, ეგ შესაძლებელია.
ძრითადად, სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობ, აი იმით, ძალიან ძველი როა, ქე რომ ყველაფერი ხმაურობს და აუცილებლად ნინო ჩხეიძე როა ჩართული...
ჩაცმის სტილი, დიდი სიამოვნებით მექნებოდა სპორტული, მაგრამ სამსახურის გამო, ვერ ვახერხებ. არც ძალიან კლასიკური არაა; ვაპარებ ხოლმე რაღაცეებს:)...
ძალიან ჩვეულებრივი ვარ - არც თმები მაქვს მწვანედ შეღებილი, არც ცხვირი მაქვს გახვრეტილი და არც შავად მაქვს თვალები შეღებილი. ნუ, ეგ ნამეტანია, მაგრამ აი, ჯინსებით, კედებით და მაისურით კი ვივლიდი ყოველდღე:).
ხო, სათვალეს ვატარებ ჩვეულებრივ, თუმცა, ქუჩაში - არა. არა, იმიტომ კი არა, რომ მრცხვენია (ეგ ასაკი გამოვიარე), უბრალოდ, მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, სათვალით ვარ და მომბეზრდა (ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არ ვატარებ არასამუშაო საათებში სამკურნალო სათვალეს).
არა, მაინც სათვალით ვარ (თუ არ წვიმს), უბრალოდ, მზის სათვალით. თან, მზის სათვალე მიყვარს (ესეც მეორე მიზეზი).
შეიძლება შემოგხედოთ, მაგრამ ვერ გიცნოთ ან არც შემოგხედოთ საერთოდ.
როგორც წესი, ყურსასმენით დავდივარ და მუსიკას ვუსმენ. ამიტომ, შეიძლება შემოგხედოთ და გაგიღიმოთ, მაგრამ რეალურად ეგ ღიმილი თქვენ კი არა, მუსიკის ავტორს უფრო ეხება:).
არა, კარგი გამოგონებაა ეგ ყურსასმენი. ხარ შენთვის ამდენ ხალხში, აურზაურში...
ვწერ ახლა ამას ძალიან დაღლილი და 7:00 საათის ლოდინით დაქანცული ადამიანი, რომელიც საღამოს შესაძლოა მეტროში შეგხვდეთ კიდეც...
ეეეჰ, არადა, დღეს ყურსასმენი სახლში დამრჩა...:(:)

Wednesday, April 28, 2010

და, მართლა რომ დაბნელდეს?...

”მზის დაბნელება საქართველოში” - ასე ეწოდება გოჩა კაპანაძის ახალ კომედიას, რომლის პრემიერაც გუშინ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.

საოცარი ანსამბლი მსახიობების, ძალიან ლამაზი მუსიკალური გაფორმება, რომ არაფერი ვთქვა სცენარზე და საინტერესო თემაზე...

არადა, თემა მართლა ძალიან საინტერესოა. ქალაქი, რომელიც მზის დაბნელებას ელოდება და გველეშაპის გამოჩენას ელის, როგორ ცდილობს თავი გადაირჩინოს.
არც ერთ გმირს არ უცდია მისულიყო ძვირფას ადამიანთან და ეთქვა, რომ უყვარს; ან მოეხადა ბოდიში იმის გამო, რომ ოდესღაც გული ატკინა (არადა, ასეთი რამ ხშირად ხდება); არავის უცდია თვალი გადაევლოა განვლილი ცხოვრებისთვის და გამოეხატა ან გულისტკენა იმის გამო, რომ რაღაც ვერ მოასწრო, ან სიხარული იმ ლამაზი დღეების გამო, რომლებიც ასევე იყო თითოეულის ცხოვრებაში...

ზოგი საკუთარი ტყავის, ზოგიც მატერიალური სიმდიდრის გადარჩენასღა ცდილობს...

ნუ, ასეთია ადამიანის ბუნება. არა, უფრო ზუსტად, ასეთიც.

აი, ”მოხუც ჯამბაზებში” კი, (ასევე გოჩა კაპანაძემ დადგა და მოგვცა შესაძლებლობა სრულიად ფანტასტიური მსახიობები გვეხილა სცენაზე) უკვე ხანდაზმული მსახიობები, მოხუცთა თავშესაფარში ერთმანეთს სწორედ დარდსა და სიყვარულს უზიარებენ; ისინი იმქვეყნად წასასვლელად ძალიან ლამაზად ემზადებიან; არადა, იქ ნამდვილად არ ბნელდება მზე იმ კონკრეტულ დღეს...

აი, ასეთები ვართ ადამიანები. მერკანტილურებიც და არც, მგრძნობიარენიც და არც, კეთილებიც და არც... მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ ასეთებიც ვართ და ისეთებიც.

ისე, მართლა რომ დაბნელდეს მზე, ნეტა მართლა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ვიფიქრებ თუ შევეცდები, მაინც ვეცდები ვიღაცას ბოდიში მოვუხადო, ვიღაცას მადლობა გადავუხადო, ვიღაცას ან ვიღაცეებს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს?!... იმედი მაქვს, ასე მოვიქცევი. იმედი, რადგან დანამდვილებით არავინ იცის კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა...

მანამდე კი, დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც უკვე მეორედ მოგვანიჭა ბედნიერება სრულიად არაჩვეულებრივი მსახიობები გვეხილა სცენაზე. აი ისინი, რომელთა მზე შეიძლება მალე დაბნელდეს, მაგრამ მათი ვარსკვლავი რომ სულ იკაშკაშებს...
და კიდევ, იმედი მაქვს, კახი კავსაძე მალე შეძლებს სცენას დაუბრუნდეს, როგორც აქ, ასევე ”მოხუც ჯამბაზებში”.

Monday, April 19, 2010

ჩვენ ავაშენებთ...

ისევ მორიგ კულტურულ გასეირნებაზე უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა...
ქარიანი დღე კი იყო, მაგრამ ნარიყალაზე გასასვლელად მაინც თითქმის სრული მზადყოფნა გამოვაცხადეთ. ნუ, მერე გეგმები შევცვალეთ: ”ოცნების ქალაქზე” ბილეთები შევიძინეთ, ფილმის დაწყებამდე კი ხელოვნების მუზეუმში ოქროს საგანძური დავათვალიერეთ.
რა საოცარი სიმდიდრე ინახება ამ ქვეყანაში...
მერე იყო კინოსეანსი... ფილმში ძალიან ბევრი ნაცნობი სახე და უკვე ნაცნობი მუსიკაა... არის ძალიან ბევრი კომპანიის რეკლამა და საერთოდაც, ვიღაცას შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ფილმი ერთი მსხვილი სარეკლამო რგოლია.
პირადად მე, ვისიამოვნე. რეალური თბილისური გარემოა, ძალიან თბილი სიყვარულის ისტორიით.
ვიცინე მოდელის გარეგნობის გოგოებზე, რომელთა ერთადერთი საზრუნავი საკუთარი გარეგნობაა და ასეთებს მრავლად შევხვდებით ქალაქში; ვიცინე გმირზე ჯეკო, რომელიც ძალიან ტუტუცი და სულელია, და არც ასეთების ნაკლებობას ვუჩივით.
ვიხალისე ”პროფილზე”...
ვისიამოვნე ”მგზავრების” მუსიკით”, სანდროს ცეკვით სხვენზე და სიყვარულის ძალიან მსუბუქი, თბილი ისტორიით.
დღეს კი, ფილმზე რეცენზიები წავიკითხე.
როგორც ყველაფერში, არც აქ ვართ ზომიერები ქართველები. ჩვენთვის ყველაფერი ან შავია ან თეთრი, ან ძალიან კარგია ან ძალიან ცუდი...
რა თქმა უნდა, შეფასება ფილმისა იყო ცუდი.
იცით რაზე ვფიქრობდი? ჩემი მეგობრის სწორ შენიშვნაზე, რომ მოლოდინი უნდა იყოს ადექვატური.
როდესაც ამ ტიპის ფილმზე მიდიხარ, არ უნდა ელოდო იქ ”ცისფერ მთებს”.
ეს ფილმი არაა კარგი, მაგრამ არც ძალიან ცუდი არაა.
მე კვლავ ჩემ აზრზე ვრჩები - არაფრის კეთებას, სჯობს საშუალოდ, მაგრამ მაინც გააკეთო. შარშან იყო ”გოგონა სლაიდიდან”, წელს ”ოცნების ქალაქია” და ეს პირველზე უკეთესია. ალბათ, მომავალში ამაზე უკეთესი გამოვა.
მე კინოთეატრში გატარებულ საათნახევარს დაკარგულად არ ვთვლი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მოვახერხე ფილმის ყურებისას საკუთარ საქმეებზე არ მეფიქრა. მეორეც იმიტომ, რომ ფილმიდან გამოსული კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმ სიმახინჯეებზე, ჩვენ საზოგადოებას რომ ახასიათებს. აი იმაზე, ოფიციანტიც რომ ადამიანია და ამ ”ც”-ზე ნერვიულობა რომ არც ღირს.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ყველაფერში მხოლოდ ცუდის დანახვა, როგორც ეს რეცენზიის ავტორებს სჩვევიათ, ძალიან ამსგავსებთ მათ იმ გოგოებს ფილმიდან, ყველაფერი ძალიან ”ქულ” რომ ჰგონიათ. მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი პოზაა და რატომღაც კარგ ტონად ითვლება.
ეს ყველაფერი მაგონებს სიტუაციას, როდესაც ფეხბურთში საქართველოს ნაკრების თამაშის შეფასებისას კრიტერიუმად მინიმუმ ინგლისის ნაკრების თამაშია აღებული...
და საერთოდაც, მგონია, რომ მთავარი პრობლემა საშუალო ან თუნდაც ცუდი ფილმი კი არა, ”ც”-ებით მოაზროვნე, საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტად ორიენტირებული და ”კარგი ტიპების” მოთამაშე საზოგადოებაა...

Tuesday, April 13, 2010

წავიდა...



თვალები - ძალიან სევდიანი...


ხმა - ჩახლეჩილი და ხავერდოვანი...


თამაშის მანერა - ძალიან თავისებური...


ლექსები - ძალიან ახლო და უკვე ძალიან საყვარელი...


მახსოვს, პირველად თავისუფალ თეატრში მისი მონაწილეობით სპექტაკლი რო ვნახე, მისი თვალებით მონუსხული გამოვედი და დღემდე ასეა. აი ისეთია, ეშმაკუნები კი აქვს თვალებში, მაგრამ მაინც საოცრად სევდიანია...

მიყვარს, როცა ის თავად კითხულობს ლექსს და მე მეჩვენება, რომ მე მიკითხავს და ალბათ ასეა ყველა...

ის ჩემი პოეტიცაა...

მე არ მჯერა, რომ ”წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა...” ან იქნებ, მობეზრდა...

სამაგიეროდ მჯერა - ”მოიწყინა ქვეყანამ, უკვე კარგა ხანია”...

და რა სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ასეთი ნიჭიერის წასვლა ამ ქალაქშიც მოსულა...

Saturday, April 10, 2010

ვიფრინოთ თუ არ ვიფრინოთ?!...

დღეს მთავარი მსოფლიო სიახლე პოლონეთის პრეზიდენტის და მთელი ეკიპაჟის ავიაკატასროფისას დაღუპვაა. 

გარდა იმისა, რომ გული დამწყდა ამდენი ადამიანის ასე საშინლად გარდაცვალების გამო, გამიჩნდა ბევრი კითხვა...

როგორ შეიძლებოდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის პილოტები არაპროფესიონალები ყოფილიყვნენ და ვერ მოეხერხებინათ თვითმფრინავი დაესვათ, თუნდაც დიდი ნისლის პირობებში?!...

რატომ მოხდა ეს ტრაგედია რუსეთის ტერიტორიაზე?!...

რატომ ხელმძღვანელობს სპეციალურ კომისიას, რომელმაც ტრაგედიის მიზეზები უნდა გამოიკვლიოს, რუსეთი პრემიერი პუტინი, რომლისაგანაც კატინში მიპატიჟებას ლეხ კაჩინსკი თურმე წლის დასაწყისიდან ელოდა, მან კი კაჩინსკის პოლიტიკური მოწინააღმდეგე დონალდ ტუსკი მიიწვია?!...

და საერთოდ, თუ პრეზიდენტის უსაფრთხოება არაა დაცული, რა გარანტია აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობს, უსაფრთხოდ დაეშვება?!

სათაური კი, რა თქმა უნდა ხუმრობაა; უნდა ვიფრინოთ, რასაკვირველია, უნდა ვიფრინოთ და იმედია, ცა აი ასეთი იქნება

უღრუბლო და ცისფერი.

აი, პოლიტიკაში კი, სერიოზული ცვლილებები მოხდა და საქართველოსაც აუცილებლად შეეხება. და, არა მგონია, ჩვენი პოლიტიკური ცა უღრუბლო და მზიანი იყოს...

თუმცა, ამაზე მერე იყოს...

მანამდე კი, RIP Mr. President!