Thursday, April 8, 2010

უბრალოდ კინო...


თითქოს ტრადიცია გვაქვს უკვე მეგობრებს - ახალი ქართული ფილმი კინოთეატრში ვნახოთ. უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში გამოსული თითქმის ყველა ფილმი ვნახეთ, შესაბამისად, თამამად შეიძლება ისინი ერთმანეთს შევადარო და ჩემი მოკრძალებული აზრიც გამოვთქვა.

გუშინ სოსო ჯაჭვლიანის ახალი ფილმი - ”მაიტა ნასოსი” ვნახე. ფილმის მიმართ არავითარი მოთხოვნა არ მქონდა, გარდა ერთისა, არა ორისა - არ უნდა ყოფილიყო ხელოვნური (”სვანის” შემდეგ ამის დიდი რისკი არსებობდა) და უნდა ყოფილიყო სასაცილო. გულწრფელად გეტყვით, ფილმმა მოლოდინი გაამართლა; ბევრი ვიცინეთ, თან გულიანად და მხიარულები გამოვედით კინოთეატრიდან. 

მგონია, რომ ამ ფილმმა გაართვა თავი ამოცანას; სავარაუდოდ, მაღალ მხატვრულ ღირებულებაზე პრეტენზია მას არც ქონია. ამოცანა კარგი სვანური იუმორის ეკრანიზაცია და აუდიტორიის გაცინება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანეგდოტი ძველი, ზოგიც ძალიან ძველი იყო, საინტერესოდ შეკრული ამბავი მაინც ეფექტური გამოვიდა. 

ვფიქრობ, ეს რეჟისორის წინგადადგმული ნაბიჯია. განსხვავებით მისი პირველი ფილმისგან, რომელმაც, სულისშემძვრელი ”ტრადიციების” გარდა, მსახიობთა ძალიან ხელოვნური და არადამაჯერებელი თამაშით დამამახსოვრა თავი. 

ახალი ქართული ფილმები განსხვავებულია; არის ვითომ კომედიები, ვითომ მელოდრამები, ჰოლივუდურს ძალიან რომ ჰგავს, ვითომ კრიმინალი...

ახლახან კი იყო ”ქუჩის დღეები”..

ფილმის გამოსვლამდე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს მორიგი ქართული ვითომ ფილმია გაცვეთილი თემით, რომ არაფერი საინტერესო და ახალი არ იქნება. 

მართლაც, თემა თითქოს გაცვეთილი და გადაღეჭილია ჩვენი რეალობისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნარკომანია პრობლემა აღარაა. მითუმეტეს, რომ ნარკომანიის ნაცვლად მთავარ პრობლემად შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ალკოჰოლიზმი ან აზარტული თამაშისადმი დიდი სიყვარული. მთავარი ფილმში ის არის, რომ თითქოს ძალიან ჩვეულებრივმა ადამიანმა, არც თუ ცუდმა მოსწავლემ და ადამიანმა, საკუთარი თავი ვერ იპოვა, უფრო სწორედ, ნარკომანიაში იპოვა ან აირჩია ის რეალობისგან გასაქცევად.

სხვა სენით დაავადებული ადამიანი ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო სიტუაციში, როდესაც შენ ბავშვობის მეგობრის შვილისთვის ნარკოტიკის გაკეთებას გთავაზობენ სასჯელის თავიდან ასაცილებლად და მდიდარი მამისთვის ფულის ”შესაწერად”.

საკუთარი ფსევდოთავისუფლება თუ... ამ დილემის წინაშე მდგარი გუგა კოტეტიშვილის გმირი, რომელსაც თითქოს სრულიად დაკარგული აქვს ადამიანური სახე, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკურია იმ სიტუაციაში - ის თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

თვითმკვლელობაც არჩევანია და, ალბათ, არის სიტუაციები, როდესაც საკუთარი ღირსების შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით შეიძლება. სხვა საკითხია, რომ მან თავად მიიყვანა ყველაფერი იმ ნიშნულამდე, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ იყო. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მგონია, რომ მან ღირსეული გადაწყვეტილევა მიიღო; მან არ შეასრულა კორუმპირებული პოლიციელების მოთხოვნა - საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ნარკოტიკი გაეკეთებინა 16 წლის ბიჭისთვის, რომელიც ძმაკაცებთან ერთად თავად სთხოვდა გუგას გმირს ნარკოტიკის შეძენას. 

ფილმში ძალიან ბევრი პრობლემაა - სკოლა, რომელიც სკოლას აღარ გავს და ბავშვები ძირითადად ნარკოტიკზე ფიქრით არიან დაკავებულები, საშუალო ასაკის უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანები, ვითომ მეგობრობა, რომელიც ერთ-ორ გრამ ჰეროინში იყიდება, კორუმპირებული პოლიციელები, საკუთარი თავით დაკავებული ჩინოვნიკები, ბარიგები და მათი მშობლები...

ბევრ რამეზე დავფიქრდი ფილმიდან გამოსული. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ნაცნობი სახეები 90-იანებიდან ახლა ყოველდღე უბანში არ გვხდება, არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ან შესაძლოა, ერთი სენი მეორემ ჩაანაცვლა. მაგრამ მთავარი მაინც ის შეგრძნება იყო, რომელიც ფილმიდან გამოსულს დამეუფლა - კმაყოფილება იმის გამო, რომ კარგი ფილმი ვნახე და კმაყოფილება იმის გამო, რომ მთავარმა გმირმა კრიტიკულ სიტუაციაში ღირსება არ დაკარგა. 

ახალ ქართულ კინოს ბევრს აკრიტიკებენ უხარისხო პროდუქციის წარმოებისთვის. ჩვენი კინო ძალიან დიდხანს იყო იძულებით შვებულებაში და ახლა ხელახლა იწყებს ცხოვრებას. წარმოუდგენელია, რომ ყველა ფილმი შედევრი ან თუნდაც კარგი პროდუქტი იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ რთულია ყველას განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდეს, მეორე იმიტომ, რომ კინო ჩვეულებრივი ბიზნესია და აუდიტორიის მოთხოვნებს პასუხობს.

ამ მოთხოვნაზე გამახსენდა: ”ქუჩის დღეებზე” დარბაზში სულ 30-40 მაყურებელი იყო, ”გაღმა ნაპირზე” დარბაზი სავსე იყო, მაგრამ არაადექვატური რეაქციით - ძალიან სევდიან ფილმზე ძალიან ბევრი იცინეს; ”ყველაფერი კარგად იქნება” კი სრული ანშლაგით გადიოდა ქართულ კინოთეატრებში.

ასე, რომ ძირითადად იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ. კარგია, რომ ბევრი სხვა ფილმის გვერდზე ”სამი სახლიც” არის, ”გაღმა ნაპირიც ნაპირიც” და ”ქუჩის დღეებიც”. და საერთოდ, კარგია ამდენი ფილმი რომ იქმნება. მთავარი მოძრაობა და მცდელობაა. მთავარია არ გაჩერდე და ამ პროცესში გაიზრდები კიდეც. 

5 comments:

vasasi said...

რაც არის, არის..

ის ფაქტი კი ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ქართული კინო ცოცხლდება..

Kate said...

რავიცი, მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს.

აგერ ნასტასიას პოსტი ნახე თუ დაგაინტერესებს. http://embrioni.blogspot.com/2010/04/blog-post.html

კესო said...

Kate, დიდი მადლობა საინტერესო ლინკისთვის.
აბსოლუტურად მესმის ეს განწყობა. განგებ ვახსენე, რომ ფილმის მიმართ არავითარი მაღალი მხატვრული მოთხოვნები არ მქონია, ძალიან ობიექტური მიზეზების გამო და ამიტომაც გავხალისდი.
აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას, ვინც თვლის, რომ ჯანსაღი საკვებით უნდა ვიკვებოთ. მაგრამ, ისევ ობიექტური რეალობა ვერ უზრუნველყოფს ჭარბი, ან თუნდაც საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი საკვების არსებობას.
და სწორედ ამიტომ, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არაფრის კეთებას, ისევ რაღაცის კეთება და მცდელობა მაინც სჯობს. ასე შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება...

Kate said...

ხო, გასაგებია შენი პოზიცია.
მაგრამ ფილმის გადაღებისას ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.

tammo said...

me isev chems pirvel cvenebas mivawvebi, sul araraodab bevri gadairon mirchevnia, darwmunebuli var mat shoris mainc gamoereva tito-orola girebuli.. ase rom tendencia momwons da mivesalmebi:))